"მიხეილ სააკაშვილი, „ვარდების რევოლუციის“ გმირი, რომკელმაც საქართველოში ბოლო მოუღო საბჭოური მართვის სისტემას, შემდეგ კი უკრაინის ოდესის
ოლქის გუბერნატორი, დღეს მოქალაქეობის გარეშეა დარჩენილი. მას თავის პირველ სამშობლოშიც დევნიან „ძალაუფლების ბოროტად გამოყენების“ გამო, უკრაინაში კი მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნაც აუკრძალეს. ამის მიუხედავად, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მაინც მოახერხა კვირა საღამოს უკრაინაში პოლონეთის ტერიტორიიდან შესულიყო და განაცხადა, „ეს ჩემი უფლებების დაცვის მიზნით გავაკეთეო“-ნათქვამია გავლენიანი ფრანგული გამოცემის «Le Figaro»-ს მიერ პიერ ავრილის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში.
სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე სემოკლებით:
უფრო ადრე [ჯერ ავტობუსში, შემდეგ კი მატარებელში მყოფი] მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის ქალაქ პერემიშლში უკრაინის ხელისუფლების ბრძანებით გააჩერეს, მაგრამ იგი ისევ ავტობუსით გაემართა ერთ-ერთი სასაზღვრო-გამშვები პუნქტისაკენ და მხარდამჭერების წყალობით მესაზღვრეთა კორდონის გარღვევა მოახერხა და უკრაინის ტერიტორიაზე შევიდა. ფანტასტიკური ავანტიურის შემდეგ, საქართველოს ყოფილი ლიდერი ავტომობილით ლვოვში მივიდა. მიხეილ სააკაშვილმა ამ ნაბიჯით თავისი ოპონენტი პეტრო პოროშენკო პოლიტიკურად დაამცირა.
„ხედავთ, როგორ არაადამიანურ მეთოდებს იყენებს პრეზიდენტი ჩემს წინააღმდეგ... ჯერ მოქალაქეობა წამართვა საბჭოური მეთოდებით, ახლა კი მთელი მატარებელი მგზავრებით უცხო ქვეყანაში მძევლად აიყვანა... და თანაც სად - ევროკავშირის ტერიტორიაზე...“ - გულისწყრომით ამბობდა მიხეილ სააკაშვილი. მას თან ახლდა ცოლ-შვილი, უკრაინელი მხარდამჭერები და... იულია ტიმოშენკო, უკრაინის პირველი რევოლუციის (2004 წელი) ყოფილი მუზა!
ქარიზმატული რეფორმატორის მიხეილ სააკაშვილის ვარსკვლავმა გაფერმკრთალება რუსეთთან ომის დროს (2008 წლის აგვისტოში) დაიწყო, როცა იგი [სამხრეთ ოსეთზე] და აფხაზეთზე კონტროლის აღდგენას შეეცადა. უკრაინის მაიდნის დროს მიხეილ სააკაშვილმა კიევში ქართველი თანამზრახველებიც ჩაიყვანა, რომლებიც თბილისში ახალი ხელისუფლების მოსვლის გამო იძულებულნი გახდნენ საქართველოს გარიდებოდნენ. იმ ხანებში მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მედასავლეთე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელგაშლილად მიიღო და, რეფორმების გატარების მიზნით, „ქართველი მეგობარი“ ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. მიხეილ სააკაშვილს ოდესაში მუშაობის დროს ის ანტიკორუფციული მეთოდებიი უნდა გამოეყენებინა, რომლებმაც ადრე საქართველოში საკმაოდ ეფექტური შედეგი გამოიღო. პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობაც მიანიჭა, თუმცა რადგანაც საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს ორმაგ მოქალაქეობას, ქართველმა ექს-პრეზიდენტმა საქართველოს პასპორტის ფლობის უფლება დაკარგა.
სამი წლის შემდეგ მიხოსა და პეტროს შორის მეგობრობის თაფლობის თვე პოლიტიკური კონფრონტაციით დასრულდა. გუბერნატორს, სამსახურის დატოვების შემდეგ, მოქალაქეობაც ჩამოართვეს, თუმცა მოქალაქეობის ჩამორთმევის სამართლიანობას ბევრი ეჭვქვეშ აყენებს. მიხეილ სააკაშვილმა ერთი წლის წინ, თავისი ქართველი მხარდამჭერის დავით საყვარელიძის (უკრაინის გენპროკურორის ყოფილი მოადგილის) დახმარებით ახალი პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბა, რომელიც, როგორც ჩანს, ახლა ოპოზიციის გამაერთიანებელი გახდება პეტრო პოროშენკოს ხელისუფლების წინააღმდეგ.
უკრაინის ხელისუფლებისა და მისი დიპლომატიისათვის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ამბავი (მათ შორის ისიც, რომ კიევი ვარშავასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა არასასურველი სტუმრის გამო) მტკივნეულ ჩავარდნას წარმოადგენს. გარდა ამისა, კიევს მოუწევს რეაგირება მოახდინოს საქართველოს მიმართვაზეც - ექს-პრეზიდენტის დაკავებისა და მისი ექსტრადირების შესახებ. წარმოგიდგენიათ, როგორ „არაადამიანურ მეთოდებს“ იყენებენ?

















