ამერიკელი დიპლომატის, უკრაინაში აშშ-ს ყოფილი ელჩის სტივენ პაიფერის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პრობლემა ცარიელ ადგილზეა შექმნილი.
„საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორისათვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევამ და ამ ფაქტის შედეგად გამოწვეულმა მოვლენებმა უკრაინას ავტორიტეტი შეულახა და საიმიჯო დანაკარგები მოუტანა“, - განაცხადა დიპლომატმა „ამერიკის ხმის“ უკრაინული სამსახურისადმი მიცემულ ინტერვიუში.
„მე არასოდეს არ ვყოფილვარ იმის მომხრე, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში რაიმე განსაზღვრული როლი შეესრულებინა. იმიტომ, რომ ჩემთვის გაუგებარი იყო, რამდენად აინტერესებდა მას უკრაინა და ხელმძღვანელობდა თუ არა იგი ამ შემთხვევაში საქართველოში დაბრუნების სურვილით. მაგრამ მეორე მხრივ, მე დარწმუნებული არ ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ამბები გონივრული გზით გადაწყდა. ეს ის სიტუაციაა, როცა პრობლემა ცარიელ ადგილზე ხელოვნურად იქმნება. მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევამ როგორც ჩანს, ქვეყანას საიმიჯო პრობლემა მოუტანა, რაც ადრე უკრაინას არ ჰქონდა“, - აღნიშნა სტივენ პაიფერმა.

















