კიევის ცენტრში, პავლე სკოროპადსკის ქუჩაზე ავტომანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ორმა
ჭრილობები მიიღო. როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანი არტემ შევჩენკომ განაცხადა, დაღუპული ამოცნობილია - იგი საქართველოს მოაქლაქეა, წარმოშობით ჩეჩენი თემურ მახაური. „იგი კრიმინალურ სამყაროში ცნობილი პიროვნებაა. მას თემურ მახაური ჰქვია და ჩეჩნურ წრეებთან ახლო კავშირები ჰქონდა.“, - განაცხადა პრეს-მდივანმა.
ავტომანქანაში ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდნენ. აფეთქებამ ქალს ფეხი მოგლიჯა, იგი მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში, ბავშვს კი მაინცდამაინც არაფერი დაშავებია. [უკრაინის მასმედიაში] ვრცელდება წინააღმდეგობრივი მონაცემები, თუ რა აკავშირებდა ამ ქალთან თემურ მახაურს. [ზოგიერთი პირის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალი მსოფლიოში ცნობილი კომპანიის „დიორის“ მოდელს წარმოადგენს].
ინციდენტის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა წინასწარგანზრახული მკვლელობის“ მუხლით, თუმცა, დამატებითი გარემოებების დადგენის შემდეგ საქმე შეიძლება ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდეს.
როგორც ტელეკომპანია „უკრაინა“ იტყობინება, თემურ მახაური უკრაინის მოხალისეთა ბატალიონის წევრი იყო და დონბასელი ამბოხებულების წინააღმდეგ იბრძოდა, შეიხ მანსურის (ან ჯოხარ დუდაევის) სახელობის ქვედანაყოფში, რომელიც 2014 წელს ჩამოყალიბდა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ ქვედანაყოფს ოფიციალური სტატუსი არ ჰქონდა.
რა არის ცნობილი თემურ მახაურის შესახებ?
იგი ჯერ კიდევ 2017 წლის დასაწყისში იქნა დაკავებული კიევის ცენტრში. მის მანქანაში პისტოლეტები იპოვეს. მასვე აღმოაჩნდა ჩეჩნური ბატალიონის მზვერავის მოწმობა. თემურ მახაურმა გამოძიებასთან გარიგება დადო და კიევის სასამართლომ მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, პატიმრობის დაწყების სამი წლის გადავადებით.
რუსულ გაზეთ „კომერსანტის“ მონაცემებით, თემურ მახაური (იგივე რუსლან პაპასქირი, იგივე ალი დაბუევი) 2012 წელს თურქეთში ყოფილა დაპატიმრებული ხუთი ჩეჩენი სეპარატისტის მკვლელობასთან დაკავშირებით. მათგან ორი რუსეთში იძებნებოდა მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარ ტერორისტულ აქტში მონაწილეობის გამო. გარდა ამისა, თურქი პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ თემურ მახაური ჩეჩენი საველე მეთაურის შამილ ბასაევის მკვლელობაშიც მონაწილეობდაო. თვითონ მახაური ბრალდებებს უარყოფდა. ასე იყო თუ ისე, საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, იგი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

















