საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესაძლო დაბრუნების მცდელობას, უკრაინული გამოცემა
«КП в Украине», ჟურნალისტ ვალერია ჩეპურკოს სტატიით ეხმაურება.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:
პოპულარულ საპნის ოპერაში „მძიმე გზა შინისაკენ“ ახალი სერია გამოჩნდა: უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სერგეი პეტუხოვმა გამოაცხადა, რომ თბილისმა კიევისაგან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია მოითხოვაო. უფრო მეტიც - თურმე უკვე დაწყებულია მზადება ამ პროცედურისათვის!
მხოლოდ ორი დღე
როცა უკრაინის ხელისუფლება და მიხო ერთმანეთში კარგად იყვნენ და „ერთი ჯამიდან ჭამდნენ“, უკრაინამ ორჯერ უთხრა უარი საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე. როცა პოლიტიკური უთანხმოება სკანდალად გადაიქცა, ჰაერში მიხოს შესაძლო დაკავების სუნი დატრიალდა... ახლა კი საქართველოს ექს-პრეზიდენტის დაჭერის ვარაუდებმა აშკარა კონტურები შეიძინა - იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პროკურატურის მონაცემებით, რამდენიმე მძიმე დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილიო. ამ მონაცემების შემოწმება უკვე მიმდინარეობს. როგორც ინტერპოლის უკრაინის ბიუროს ექს-ხელმძღვანელმა კირილ კულიკოვმა განმარტა, ეს ჩვეულებრივი პროცედურაა: „მოწმდება გარე ფაქტორები - ხომ არ ემუქრება ადამიანს წამება ან სიკვდილით დასჯა, სწორადაა თუ არა გაფორმებული ექსტრადიციის დოკუმენტები, რაიმე აშკარა ნიშნები ხომ არაა პოლიტიკური დევნის თაობაზე და ა.შ. ყველაფერს მხოლოდ ორი დღე დაჭირდება“.
„ვალდებულები ვართ გადავცეთ, გინდაც მიხო მარსიელი იყოს“
ალბათ, უკრაინის გენერალური პროკურატურა დროში ჩაეტევა და ყველა ფორმალობას 10 სექტემბრამდე მოაგვარებს, მით უმეტეს, რომ საქართველო შეეცადა და ჩვენს პროკურორებს საქმე მაქსიმალურად გაუიოლა. იქაურმა პროკურატურამ ჩვენსას გარანტია მისცა, რომ მიხოს ექსტრადირების მოთხოვნას მიზნად არ აქვს პოლიტიკური დევნა, რომ ექს-პრეზიდენტი არ იქნება პასუხგებაში მიცემული იმ ბრალდებით, რომელიც მოთხოვნაში არაა დაფიქსირებულია, რომ იგი არ იქნება გადაცემული მესამე ქვეყნისათვის და რომ მიხოს მიმართ დაცული იქნება ყველა დემოკრატიული პრინციპი.
ბევრმა იცის, რომ თავის დროზე ინტერპოლმა უარი თქვა მიხეილ სააკაშვილის ძებნის დაწყებაზე. თუმცა არის ერთი „მაგრამ“: უკრაინასა და საქართველოს შორის არსებობს შეთანხმება ერთმანეთისათვის საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე. „მოგვწონს თუ არ მოგვწონს მიხეილ სააკაშვილი, ჩვენი ქვეყანა ვალდებულია ამ შეთანხმების პირობები შეასრულოს, მათ შორის ექტრადიციის თაობაზეც“, - ამბობს კირილ კულიკოვი. ექსპერტის თქმით, ის ფაქტი, რომ მიხოს უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს, არავითარ როლს არ ასრულებს: „თუ ექსტრადირების მოთხოვნა უკვე არის და დოკუმენტების შემოწმებაც წარმატებით განხორციელდა, მიხეილ სააკაშვილი მარსიელიც რომ იყოს, როგორც კი იგი ათ სექტემბერს უკრაინის საზღვარს ფეხს დაადგამს, მაინც უნდა დააკავონ და საქართველოსათვის მისი გადაცემის პროცედურა დაიწყონ“.
ნეგატიური რეზონანსი
დავუშვათ, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. როგორ განვითარდება პროცესი? იგი წინასწარი დაკავების იზოლატორში უნდა მოათავსონ. სასამართლო ვალდებულია სამი დღის განმავლობაში გადაწყვიტოს - მიუსაჯოს ექს-პრეზიდენტს საექსტრადიციო პატიმრობა თუ გაათავისუფლოს. ეს ჩვეულებრივი წესია და კანონითაა გათვალისწინებული, როცა დაკავებული სხვა ქვეყანას უნდა გადაეცეს. თუ სასამართლო მას პატიმრობა მიუსჯის, მაშინ მიხოს საგამოძიები იზოლატორში („სიზო“-ში) ჩააჯენენ. მას ექნება უფლება გაასაჩივროს როგორც ექსტრადირება, ასევე პრეზიდენტის მიერ მოქალაქეობის ჩამორთმევის ბრძანებულებაც.
ოჰოოო... შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორ გააქტიურდებიან მიხოს თაყვანისმცემლები ციხის კედლებთან!!! უკრაინის პოლიტიკის ინსიტუტის დირექტორი კონსტანტინე ბონდარენკო არ გამორიცხავს ძალისმიერ შეტაკებებსაც: „მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ იუსტიციის სამინისტრომ მიხოს ბოლო „ჩინური გაფრთხილება“ მისცა: არ შემოხვიდე უკრაინაში! ცხადია, რომ ოპოზიციური პოლიტიკოსის სხვა ქვეყნისადმი გადაცემა საზოგადოებაში ყოველთვის ნეგატიურ რეზონანს იწვევს და სახელმწიფოს რეპუტაციას ზიანს აყენებს. ასე იყო 2006 წელს, როცა უკრაინამ 11 ოპოზიციონერი უზბეკი დააკავა და მათგან ათი ისლამ ქარიმოვის რეჟიმს გადასცა“, - ამბობს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შემოსვლის ასაკრძალავად რაიმე აშკარა საბაბი არ არსებობს.
„ჩვენთან მოქალაქეობის არმქონე პირებსაც კი თავისუფლად ცხოვრება შეუძლიათ, - ამბობს კონსტანტინე ბონდარენკო, - არ გამოვრიცხავ, რომ საქმე ორივე მხარისთვის მისაღები ფორმით გადაწყდეს: მიხეილ სააკაშვილს დააკავებენ, მიიყვანენ საემიგრაციო სამსახურში და იქ რაღაც ცნობას მისცემენ“.
http://kp.ua/politics/585510-poslednee-preduprezhdenye-dlia-mykho-mynuist-namekaet-na-ekstradytsyui

















