აზერბაიჯანულ გამოცემა «Каспiй»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მიმოხილულია ბაქოში 6 სექტემბერს გამართული სამმხრივი შეხვედრის შედეგები, რომელშიც თურქეთის, აზერბიჯანისა
და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები - მევლიუთ ჩავუშოღლუ, ელმარ მამედიაროვი და მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობდნენ.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გტავაზობთ გოშარ ალიევის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან ვერსიას.
როგორც სტატიაში აღნიშნული, „ბაქოში სამი ქვეყნის მინისტრები ერთმანეთს უკვე მეექვსედ შეხვდნენ. შეხვედრებს საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა, როცა ისინი თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში პირველად შეიკრიბნენ და დეკლარაცია მიიღეს ეკონომიკის, ენერგეტიკის ტრანსპორტისა და კულტურის დარგებში თანამშრომლობის შესახებ“. პუბლიკაციაში გადმოცემულია მინისტრების ერთობლივ ბრიფინგზე გაჟღერებული განცხადებები.
როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა აღნიშნა, სამი ქვეყნის მინისტრებმა მოილაპარაკეს შეიმუშაონ მომავალი თანამშრომლობის „საგზაო რუკა“, ასევე მოამზადონ უმაღლესი დონის სამიტის ჩატარება. მინისტრმა ისაუბრა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის თაობაზეც და განაცხადა, რომ ამ სატრანსპორტო მაგისტრალის ექსპლოატაცია მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება, რაც დიდ ეკონომიკურ მოგებას მოუტანს მასში მონაწილე ქვეყნებს. ელმარ მამედიაროვმა მოუწოდა ანკარას და თბილისს გააფართოვონ ძალისხმევა კონფლიქტების მოგვარების საკითხში: „სამივე ქვეყნის მიდგომა ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპისადმი ერთნაირია. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთგულნი ვართ იმისა, რომ კონფლიქტები დიპლომატიური გზებით მოგვარდეს. კარგია, რომ ეს საკითხი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში იხილება. ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობაც ამ მიმართულებით უნდა გაღღმავდეს, საჭიროა მეტი ძალისხმევა სუამ-ის მხრიდანაც“.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლიუთ ჩავუშოღლუმ ყურადღება დაუთმო სამმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს. მან, თავისი აზერბაიჯანელი კოლეგის მსგავსად, ისაუბრა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის თაობაზე და განაცხადა, რომ მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს საბაჟო, ლოჯისტიკის და სხვა საკითხების მოგვარებას. მევლიუთ ჩავუშოღლუ დაეთანხმა ელმარ მამედიაროვის განცხადებას და თქვა, რომ თურქეთიც ასევე ერთგულია ტერიტორიული მთლიანობის პრინციპისა და რომ ყველაფერს გააკეთებს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისათვის, საერეთაშორისო შუამავლების როლის გაზრდის მიზნით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა (ვიცე-პრემიერმა) მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ თბილისი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ თანამშრომლობას როგორც სამმხრივ, ასევე ორმხრივ დონეზე: „რეგიონული პროექტების გეოგრაფია სულ უფრო მეტად ფართოვდება. შესაბამისად, მათ დიდი წვლილი შეაქვთ რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებაშიც“, - თქვა მან და ხაზი გაუსვა სამი ქვეყნის მტკიცე განზრახვას კონფლიქტების მოგვარების თაობაზე მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპის ჩარჩოებში.
ბაქოს სამმხრივი შეხვედრისას მიღებული იქნა ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ მინისტრები კვლავაც გააგრძელებენ ინტენსიურ დიალოგს რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მომავალი სამმხრივი შეხვედრა თურქეთში გაიმართება.
http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

















