„საქართველოს განათლების სამინისტრომ ლიცენზია გაუუქმა სულეიმან დემირელის სახელობის სასწავლო კოლეჯს, რომელიც თბილისში 1993 წლიდან მოქმედებდა.
განათლების უწყების განმარტებით, კოლეჯის დირექციას თურმე მრავალი დარღვევა ჰქონია ჩადენილი. უფრო ადრე დაიხურა ბათუმში არსებული რეფაიდენ შაჰინის სახელობის სკოლა. აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედება ანკარის იმ „პროგრამის“ ჩარჩოებში ჯდება, რომელიც მსოფლიოში და თვით თურქეთშიც ოპოზიციონერ ფეთულა გიულენის კუთვნილ სასწავლო დაწესებულებების ქსელის ლიკვიდირებას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია რუსულ გამოცემა «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - იური როქსი).
სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
როგორც ავტორიზაციის სახელმწიფო კომისიის წარმომადგენელმა გია მურღულიამ განმარტა ჟურნალისტებთან საუბარში, კოლეჯში ერაყიდან, ირანიდან და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ახალგაზრდები წესების დარღვევით მიიღეს, თანაც მათ რამდენიმე გამოცდა ერთ დღეში ჩაუბარებით, რაც თაღლითობაზე ეჭვებს ბადებს.
ნამდვილად მოხდა ასეთი ფაქტები თუ არა, ამაში, ალბათ, გამოძიება გაერკვევა (თუ, რასაკვირველია, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება), მაგრამ დემირელის კოლეჯის ბედი რამდენიმე ხნის წინათაც უკვე გადაწყვეტილი ჩანდა. მის თავზე შავი ღრუბლები ჯერ კიდევ მაისის დასაწყისიდან შეიკრიბა, როცა თბილისში ხანმოკლე ვიზიტით თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ჩავიდა. ოფიციალური ინფორმაციით, მოლაპარაკება მხოლოდ საქართველო-თურქეთის მეგობრულ ურთიერთობებს შეეხო და სხვას არაფერსო, მაგრამ მომდევნო დღეს ქართულმა სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებმა კოლეჯის მმართველი, თურქეთის მოქალაქე ემრე ჩაბუქი დააპატიმრეს - თითქოსდა მას კავშირი ჰქონია 2016 წელს მომხდარ გადატრიალებასთან. საზოგადოების შუამდგომლობა იმის თაობაზე, რომ ემრე ჩაბუქს პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსი მისცემოდა, საქართველოს ხელისუფლებამ არ დააკმაყოფილა - ამბობენ, თურქეთის მოთხოვნის საფუძველზე. ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა კამპანია დაიწყეს, რათა თბილისს ემრე ჩაბუქი თურქეთში არ დაებრუნებინა, რადგან მას სამშობლოში ან სიკვდილი, ან წამება ელოდებოდა.
ანკარა, როგორც ცნობილია, 2016 წელს მომხდარი სამხედრო პუტჩის ხელმძღვანელად ოპოზიციონერ ფეთულა გიულენს მიიჩნევს. შესაბამისად, თურქეთის მთავრობამ ფ.გიულენის კუთვნილი სასწავლო დაწესებულებების ქსელის (უნივერსიტეტების, კოლეჯების, ლიცეუმების) „წმენდა“ დაიწყო. ამავე დროს პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა უცხოეთის სახელმწიფოების ლიდერებსაც მიმართა - თურქეთის მიმართ ლოიალური დამოკიდებულების დასადასტურებლად გიულენის სკოლები უნდა დახუროთ, რომლებიც „ექსტრემიზმის ბუდეებად გადაიქცნენ, სადაც ახალგაზრდებს ტერორიტებად ზრდიანო“.
საქართველოს ხელისუფლება უარყოფს რაიმე კავშირს თურქეთის ხელისუფლების პოლიტიკასა და კოლეჯის დახურვას შორის და აცხადებს, რომ თბილისს ანკარიდან არანაირი დირექტივა არ მიუღია და არც რეჯეფ ერედორანს არ უთხოვია პირადად რაიმე ამის მსგავსი, მაგრამ ნათქვამია - „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო“ - თბილისის განცხადებებს აქარწყლებს ბათუმში არსებული რეფაიდინ შაჰინის სახელობის ლიცეუმის დახურვის ფაქტიც.
საქართველოში ჯერ კიდევ არის დარჩენილი 4-5 თურქული სასწავლო დაწესებულება: ქუთაისში, რუსთავში და მარნეულში. ადგილობრივ საზოგადოებებში არ გამორიცხავენ, რომ ისინიც კოლეჯისა და ლიცეუმის ბედს გაიზიარებენ, - ნათქვამია სტატიის დასასრულს.
http://www.ng.ru/cis/2017-09-04/5_7065_education.html

















