საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე
საქართველოში“, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით და GIZ-ის მხარდაჭერით მენეჯერთა გადამზადების პროგრამას გეგმავს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიარონ სასწავლო კურსი, ესტუმრონ გერმანულ კომპანიებს და ამავდროულად ჩანიშნონ ინდივიდუალური („B2B“) შეხვედრები ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან.
სამინისტროს ცნობით პროგრამის „Fit For Partnership“ ძირითადი მიზნებია:
გერმანიის ბიზნეს-მენეჯმენტის პრაქტიკის შესწავლა;
საერთაშორისო ურთიერთობების უნარების განვითარება;
საერთაშორისო ბიზნეს-ურთიერთობების უნარების განვითარება;
გერმანულ კომპანიებთან კავშირების დამყარება;
პოტენციური ბიზნეს-ურთიერთობების განვითარება.
სასწავლო კურსის უმთავრეს მიზანია საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების კონტექსტში, რომელიც მოიცავს შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCTFA) შესახებ. აღნიშნული კურსი შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ მეწარმეებს წარმოებული პროდუქტი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გაიტანონ ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარზე.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ მცირე და საშუალო საწარმოების საშუალო ან მაღალი დონის მენეჯერებმა, რომელთაც აქვთ მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, უმაღლესი განათლება ეკონომიკური, სავაჭრო, ტექნოლოგიური, მენეჯერული ან სხვა მსგავსი სპეციალობით და კარგად ფლობენ ინგლისურ ენას. ასევე კომპანია 2-3 წლის განმავლობაში წარმოდგენილი უნდა იყოს ადგილობრივ ან/და საერთაშორისო ბაზარზე.
პროგრამა, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ჩატარდება, 20-30 დღის განმავლობაში გაგრძელდება. პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, გარდა ტრანსპორტირებისა (ფრენა და აეროპორტიდან გადაადგილება დანიშნულების ადგილზე) გერმანული მხარე ფარავს. პროგრამაში მონაწილეების რაოდენობა კი შეზღუდულია.
მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სააგენტოს მომსახურების ცენტრს ნომერზე: +995 32 2 96 00 10

















