საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რამდენად ჩქარა მოხდება
ბორჯომის ტყეში ცეცხლის ლოკალიზება, ბუნებრივ პირობებზეა დამოკიდებული.
მისივე თქმით, თურქეთიდან დიდი სახანძრო თვითმფრინავი დღის ბოლოს ჩამოფრინდება.
პრემიერის ინფორმაციით, საქართველოს დასახმარებლად ეკიპაჟებს სომხეთიც გამოგზავნის.
„შტაბის ყველა კომპონენტი მუშაობს ერთმანეთთან კოორდინირებულად, მთელი ღამის განმავლობაში და დღევანდელ დღესაც. მუშაობა დაიწყო ორი დღის წინ. გუშინ თითქმის ჩამქრალი იყო ცეცხლი, მაგრამ ამოვარდნმილმა ქარმა ახლიდან გააღვივა. ჩვენ შეგვიძლია ხაზგასმით აღვნიშნოთ რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. რამდენად ჩქარა მოვახდენთ ცეცხლის ლოკალიზებას, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ბუნებრივ პირობებზე. ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება. პირველი აზერბაიჯანისგან, ვერტმფრენი და სახანძრო მანქანები, რომლებიც ახლა გზაშია. მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება თურქეთიდან. ორი ვერტმფრენი უკვე ბათუმშია და ცოტა ხანში ჩამოვა და ჩაერთვება სახანძრო ოპერაციაში. ასევე დღის ბოლოს ჩამოფრინდება მოცულობითი, დიდი თვითმფრინავი თურქეთიდან. მიუხედავად იმისა, რომ მათ თვითონაც აქვთ ეს პრობლემა, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე მინდა ასევე ვთქვა, რომ სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილება და მთელი რიგი ეკიპაჟები გზაშია. საკმაოდ დიდი ძალაა მობილიზებული. მე ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის არანაირი საფრთხე არ არის. უბრალოდ კიდევ ერთხელ ვამბობ, ქარზე და ბუნებრივ პირობებზეა დამოკიდებული, რამდენად ჩქარა შევძლებთ ცეცხლის ჩაქრობას. ამას გარდა მინდა ვთქვა, რომ ჩართულია ამ ოპერაციებში როგორც სამაშველო სამსახური, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს მებრძოლები და სატყეო სამსახურის თანამშრომლები. მოხალისეების მობილიზება საჭირო არ არის. აქ არის ძალიან სპეციფიური პროფესიონალური სამუშაო, რასაც თითოეული ეს ადამიანი წარმატებით ართმევს თავს“- განაცხადა პრემიერმა.

















