მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების
რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge დღეს დაიწყო და 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს, რაციონალურად და სწორად მოხდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების გამოყენება. ამ მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლების წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11 მეპაიეს და მფლობელობაში გააჩნიათ არანაკლებ 200 სული ფური ან/და დეკეული, იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და შესაბამისი აღჭურვილობა - ტრაქტორები, სათიბები, ასევე სხვა საჭირო ინვენტარი.
სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული არეალი მაღალმთიანი სტატუსის მქონე 29 მუნიციპალიტეტს მოიცავს. ერთ მუნიციპალიტეტში ერთი განაცხადი დაკმაყოფილდება.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში, გადამამუშავებელი სიმძლავრეების შექმნის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო რძის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს.
მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენება კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათთვის კეთილდღეობის შექმნას შეუწყობს ხელს.

















