საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია, დღეს სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორთან გურამ მისაბიშვილთან ერთად ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისგან სამეგრელოს რეგიონში სტიქიით გამოწვეული ზარალის შესახებ ინფორმაცია მიიღო.
სამინისტროს ინფორმაციითვე საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სამეგრელოს რეგიონში სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლისა და შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელშიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მოწვეული გეოლოგები და ნაპირსამაგრი სამუშაოების სპეციალისტებიც შევლენ.
კომისიის წევრები დაზარალებულ რაიონებში მოქმედ საგანგებო შტაბებში გადანაწილდებიან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ზარალის აღწერასა და სტიქიის შემდგომი სარეაბილიტაციო გეგმის შემუშავებაში გაუწევენ დახმარებას.
დღესვე ზაზა გოროზია წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯაში ქუთელიების ოჯახს ესტუმრა და წყალდიდობით მიყენებული ზიანის შესახებ უშუალოდ მოსახლეობისგან მიიღო ცნობები. მინისტრმა სოფლის მაცხოვრებლებს დაგეგმილი სარეაბილიტაციო ღონისძიებების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტის ინიციატივით, დაზარალებულ მოსახლეობას, მათ შორის სახნავ–სათესი სავარგულების მეპატრონეებს, სტიქიით მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდება.

















