საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ საზოგადოებას „საქართველოს სოფლის განვითარების
2017-2020 წლების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი“ წარუდგინა, რომელშიც მოცემულ წლებში სოფლის განვითარების მიმართულებით განსახორციელებელი პროგრამების შესახებ ინფორმაციაა ასახული.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავდა საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის (EU) დახმარებით, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) თანამშრომლობით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო არის აღნიშნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაციის პროცესში წამყვანი უწყება, რომელიც ხელმძღვანელობს სოფლის განვითარების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს.
სამოქმედო გეგმის განხილვას ესწრებოდნენ პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებების, ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების (LAG), დარგში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge

















