საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს წყნეთის BUCKSWOOD-ის საზაფხულო სკოლას ეწვია, სადაც ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებული 150 მოსწავლე ისვენებს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საზაფხულო სკოლაში სტუმრობისას შაშკინი იმ პროგრამას გაეცნო, რომელსაც მოსწავლეები საზაფხულო სკოლაში გადიან.
მინისტრი საცხოვრებელი პირობებითაც დაინტერესდა და ბოლოს ბავშვებთან ერთად ინგლისური პოპულარული თამაში - კრიკეტი და paintball-ი ითამაშა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, დასვენების პარალელურად, მოზარდები ინგლისური ენის ცოდნას იღრმავებენ, ასევე მონაწილეობენ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში.
სამინისტრო 2012 წლის 17 ივნისიდან 8 სექტემბრის ჩათვლით, ოთხ ნაკადად, წყნეთის BUCKSWOOD-ის სკოლაში პროექტს - „ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები საქართველოში“ და „ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები გაერთიანებულ სამეფოში“ ახორციელებს. მასში საქართველოს ზოგადსაგანამათლებლო სკოლების 600 წარმატებული მოსწავლეა ჩართული. მათგან 32 საუკეთესო ორი კვირით ბრიტანეთის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება.

















