საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ტურისტების გაზრდილი ნაკადის
გამო ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე სატვირთო ავტომანქანების მძღოლებისთვის შექმნილ გარკვეულ შეფერხებებთან დაკავშირებით მიღებულია ზომები რიგში მათი სასმელი წყლითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფისთვის.
პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს მიმართა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებსაც ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე რიგში ლოდინი უწევთ.
მთავრობის მეთაურის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ადგილზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რომელიც საჭიროა ყველა სერვისის უზრუნველყოფისთვის.
„ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება იქ უკვე ინფრასტრუქტურულად მოწყობილი ტირპარკები და დიდი იმედი მაქვს, ეს პრობლემაც გადაიჭრება. დღესდღეობით, ვიდრე ასეთი ინფრასტრუქტურა შეიქმნება, მინდა გთხოვოთ, ასეთ ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოთ ის სერვისები, რომლებიც ამ ადამიანებს სჭირდებათ" - მიმართა პრემიერმა ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს.

















