შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ქუთაისის სასწრაფო დახმარების თანამშრომლების, დავით გიორხელიძისა და
ირმა სარალიძის წინააღმდეგ განხორციელებული ფიზიკური ანგარისწორების ფაქტი დაგმო.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მინისტრმა საგანგებო ბრიფინგი გამართა.ჭიაბერაშვილის განცხადებით, დაუშვებელია ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის სამედიცინო პერსონალის მიმართ ძალადობა.
„ექიმი ან ექთანი, რომელიც პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას და ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობაზე არ უნდა გახდეს პაციენტის ახლობლების აგრესიის ობიექტი. პერსონალი, რომელსაც ეშინია საკუთარი მოვალეობის შესრულება, ვერ შეძლებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიოს პაციენტს" - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ქუთაისში სასწრაფო დახმარების თანამშრომლებზე ფიზიკური ანგარიშწორება მიმდინარე წლის 29 ივნისს განხორციელდა.
ექიმმა დავით გიორხელიძემ მიღებული დაზიანებებისგან თვალი დაკარგა. მას შესაბამისი ოპერაცია ქუთაისის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. ფიზიკური დაზიანებები მიიღო სასწრაფო დახმარების ექთანმა ირმა სარალიძემაც.

















