საქართველოს საპატენტო უწყების დელეგაციამ, მისი თავმჯდომარის, ირაკლი ღვალაძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ პეკინში გამართულ
დიპლომატიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილოება, სადაც „აუდიოვიზუალური შესრულებების დაცვის პეკინის შეთანხმება” მიიღეს.
საქპატენტის ინფორმაციით, დიპლომატიურ კონფერენციას წარმომადგენელთა რეკორდული რაოდენობა დაესწრო, მათ შორის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის 156 წევრი ქვეყნის მაღალი რანგის თანამდებობის პირები, 6 მთავრობათაშორისი ორგანიზაციისა და 45 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
აღნიშნულმა დიპლომატიურმა კონფერენციამ, შეთანხმების მიღებით, წარმატებით დაასრულა ისმო-ს ეგიდით გამართული 12 წლიანი მოლაპარაკებათა პროცესი.
კონფერენციაზე შეთანხმება შეფასდა, როგორც „ეპოქალური საერთაშორისო აქტი“ საავტორო უფლებების სფეროში, რომელიც ხელს შეუწყობს ფილმების მსახიობთა და სხვა შემსრულებელთა პირადი ქონებრივი და არაქონებრივი უფლებების გაძლიერებას და დაცვას, დაეხმარება შემსრულებლებს დამატებითი შემოსავლის მიღებაში.
კონფერენციაზე წარმოდგენილი ქვეყნებიდან 122-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმების საბოლოო აქტს, ხოლო 48 ქვეყანამ ხელი მოაწერა თვითშეთანხმებას.

















