სკოლამდელ და სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების ფესტივალში მონაწილეობასთან დაკავშირებით,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაინტერესებულ პირებს ინტერესთა გამოხატვის პროცესში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მონაწილეობის მსურველებმა ( ორგანიზაციამ) არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 ივლისისა, სამინისტროს ელ. ფოსტაზე: resursebi@mes.gov.ge უნდა გამოგზავნოს შემდეგი ინფორმაცია: 1. დაინტერესება საგანმანათლებლო რესურსების ფესტივალში მონაწილეობის მიღებაზე; 2. საგამოფენო ექსპონატების განსათავსებლად საჭირო ფართის ოდენობა (კვ.მ); 3. ექსპონატების სახეები.
ფესტივალი ბაგა-ბაღებისა და სკოლებისათვის, ბავშვების/მოსწავლეების, მათი მშობლების, აღმზრდელ-პედაგოგებისა და მასწავლებლებისათვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების შესახებ ინფორმაციის ერთიან სივრცეში განთავსებასა და მათი გაცნობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
ფესტივალის ფარგლებში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება საგამოფენო ექსპონატის სახით წარმოადგინოს: მულტიმედიური ტექნოლოგიები, 3D დისპლეი/მოწყობილობები, აუდიო/ვიდეო ტექნიკა, ციფრული კამერები, მონიტორები, პროექტორები, მოდელები, ხელსაწყოები, პლაკატები, ბარათები, თვალსაჩინოებები, საგანმანათლებლო თამაშები, შემეცნებითი ფილმები, სხვადასხვა სასწავლო ინვენტარი (მათ შორის, სპორტული) და ტექნიკა, ატლასები, გლობუსები, რუკები, ლაბორატორიული აღჭურვილობები, სხვადასხვა საკითხავი მასალები, ჟურნალები, ენციკლოპედიები, ლექსიკონები, ცნობარები, ელექტრონული რესურსები და სხვა, სააღმზრდელო და სასწავლო მიზნებთან შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსები.
ფესტივალის გამართვა დაგეგმილია მიმდინარე წლის შემოდგომაზე (სექტემბერი/ოქტომბერი) საქართველოს 8 ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, ბორჯომი, გორი, მარნეული და თელავი.
საგამოფენო ექსპონატების განსათავსებლად სამინისტრო ფესტივალის თითოეულ მონაწილეს ფიქსირებულ ფართს უფასოდ გამოუყოფს.

















