”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” სასამართლოს ოთხთვიან ადმინისტრაციულ საქმეთა მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ
252 სასამართლო სხდომის, ჯამში 108 საქმის მონიტორინგის შედეგად, სასამართლოს როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარეები გამოავლინა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სასამართლო მონიტორინგის პროექტში განსაკუთრებული ყურადღება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ დავებს მიაქცია. სასამართლოების განრიგიდან ის საქმეები შეირჩა, რომლებშიც მხარე საჯარო რეესტრი, საკუთრების უფლების აღიარების კომისია ან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იყო.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ცალკეული გამონაკლისების მიუხედავად, თბილისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში საქმის განხილვის საქვეყნოობის პრინციპი არ ირღვევა. შეჯიბრებითობის პრინციპი საქმეთა დიდ უმრავლესობაში დაცულია - დავის მონაწილე მხარეებს შესაძლებლობა აქვთ, წარმოადგინონ თავიანთი არგუმენტები, გააკეთონ განცხადებები, გადაამოწმონ მტკიცებულებები, დაუსვან მოწმეებს კითხვები და შეასრულონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი საპროცესო მოქმედება.
გარდა დადებითი ტენდენციებისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მონიტორინგის პროცესმა მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხები გამოავლინა. ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ დავების 92.6%¬-ის შემთხვევაში, დავა სრულად ან ნაწილობრივ სახელმწიფო მხარის სასარგებლოდ დასრულდა; მოსამართლეები საქმის განხილვისას საკმარის ინიციატივას არ იჩენდნენ და ინკვიზიციურობის პრინციპის გამოყენების სურვილს არ გამოხატავდნენ; მოსამართლეებს არ სურთ, მხარეებს აქტიურად შესთავაზონ მორიგება და ხელი შეუწყონ ამ პროცესს; არსებობს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ გადაწყვეტილების გამოტანისას მოსამართლეები ზოგჯერ საქმეს კარგად არ იცნობენ და შესაძლოა, მისი სწრაფად დასრულებით უფრო იყვნენ დაინტერესებული, ვიდრე სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანით.
„იმის მიუხედავად, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დაკვირვება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის საქმეებზე განახორციელა და არ მოუხდენია საქმეების არსებითი შეფასება, სახელმწიფო მხარეების სასარგებლოდ გადაწყვეტილი დავების უაღრესად მაღალი მაჩვენებელი მაინც შესაძლო პრობლემებზე მიუთითებს“-ნათქვამია ანგარიშში.
იქვე აღნიშნულია ორგანიზაციის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს მიერ საქმეების მოგების მაღალი მაჩვენებლისა და ზოგიერთი ძირითადი სამართლებრივი პრინციპების არასაკმარისი დაცვის გამო, შესაძლოა, საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარება შეფერხდეს.

















