ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მოშიმშილე დევნილების მოთხოვნები დააკმაყოფილა და მათ საცხოვრებელი ფართები დაუკანონა.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ლაღიძემ განუცხადა, რომელიც დევნილების აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.
„სამინისტრომ აღნიშნული უწყების წინ მოშიმშილე დევნილების პრობლემა საცხოვრებელი ფართის დაკანონებასთან დაკავშირებით მოაგვარა და მათ ფართები წყნეთში დაუკანონდათ. თუმცა, ეს პრობლემა სრულად არ არის მოგვარებული, რადგან სხვა დევნილების მოთხოვნები ჯერჯერობით არ დაუკმაყოფილებიათ“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ ლაღიძემ.
საცხოვრებელი ფართების დაკანონების მოთხოვნით, აფხაზეთიდან დევნილი ოთხი მოქალაქე - დავით თორდუა, ლალი თორდუა, როლანდ ხორავა და დავით კარანაძე ლტოლვილთა სამინისტროსთან 2 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ.

















