საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში იოსებ ნანობაშვილმა საბერძნეთის
რესპუბლიკის სპორტის მინისტრთან გეორგიოს ვასილიადისთან შეხვედრა გამართა .
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე, ბოლო პერიოდში საბერძნეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურების მზარდი დინამიკა აღინიშნა და გამოითქვა მზადყოფნა სპორტის სფეროში გადაიდგას ნაბიჯები ორმხრივი თანამშრომლობის გასაღრმავებლად. კერძოდ, ვასილიადისმა გამოხატა სპორტის სფეროში განახლებული შეთანხმების გაფორმების სურვილი და გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნული შეთანხმების გაფორმება 2018 წელს თბილისში დაგეგმილ EPAS მინისტერიალამდე მოესწრება.
სპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით ხაზი გაესვა საბერძნეთში მოღვაწე ქართველი სპორტსმენების როლის, მათი გამოცდილებისა და ცოდნის ეფექტიანად გამოყენების მნიშვნელობას.
იოსებ ნანობაშვილმა ბერძნულ მხარეს მადლობა გადაუხადა 2018 წელს ევროპის საბჭოს გაფართოებული წილობრივი შეთანხმების (EPAS) მინისტერიალის საქართველოში ჩატარების მხარდაჭერისთვის.

















