ნიუ-იორკში მოქმედმა წმინდა ნინოს სახელობის ქართული ტაძრის მრევლმა, რომლის წინამძღვარი მამა ალექსანდრე თანდილაშვილია, საქართველოში მორიგი
საქველმოქმედო აქცია გამართა.
ამერიკაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები სოციალურად დაუცველ ოჯახებს ამჯერად ტანსაცმელებით დაეხმარნენ.
ამერიკიდან გამოგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს საქველმოქმედო ორგანიზაცია "იალქანმა" გადასცა.
წმინდა ნინოს სხელობის ქართული ეკლესია ნიუ-იორკში მამა ალექსანდრე თანდილაშვილის მოძღვრობით მრევლთან ერთად 20 წელზე მეტია ბევრი საქველმოქმედო საქმის წამომწყები და მისი სისრულეში მომყვანია.
"მრევლი 20 წელზე მეტია ავედრებს უფალს ქართველი ერის სიძლიერეს. მამა ალექსანდრემ აქ მცხოვრები თითქმის ყველა ქართველი ერთ ოჯახად გაგვაერთიანა და ყველა ერთმანეთის ჭირისა და ლხინის გამზიარებელი გაგვხადა.ჩვენ ვიცით რომ სოციალური დაცვის ფუნქცია ერთ-ერთია, რომელიც ეკლესიას აქვს. შემოწირულობებით განვაახლეთ ჰუმანიტარული ფონდი ,,საქართველოში გაჭირვებულთა დასახმარებლად. რამდენია ჩვენს ქვეყანაში ვისაც საარსებო მინიმუმი არ გააჩნია, რამდენი მშიერია, რამდენი ავადმყოფია ვისაც წამლის ყიდვის ელემენტარული საშუალებაც არ გააჩნია, რამდენი უნარშეზღუდული და უმწეოა, რამდენი პატიმარია... მართალია ფონდში შემოსული თანხის რაოდენობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველა გაჭირვებულს დავეხმაროთ, მაგრამ ვცდილობთ დახმარება გავუწიოთ ისეთებს, ვისაც ეს განსაკუთრებულად სჭირდება.
განსაკუთრებულად აღვნიშნავ, როდესაც ჰუმანიტარული დახმარების ტანსაცმლის შეგროვება ხდება, მთელი მონდომებით არიან ჩართულნი მრევლის პატარა წევრებიც კი. ასევე, ხშირად ვეხმარებით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ქართულ ეკლესია-მონასტრებს"-განუცხადა საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესს" ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართული ტაძრის მრევლმა.
მისივე თქმით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც თითს იშვერდნენ მათკენ და ეუბნებოდნენ, რომ ნიუ-იორკში მოქმედი ტაძარი "ქართული ეკლესია არ არის".
"გულდასაწყვეტია,როცა გვეუბნებიან "თქვენ ქართული ეკლესია არა ხართ'''ან რას აკეთებს თქვენი ეკლესიაო. ჩვენი ეკლესიის კარი ყოველთვის ღია იყო და არის ყველა ქართველისათვის, მათ შორის სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებისთვის, მოვიდნენ და ნახონ რა კეთდება და როგორ. მამა ალექსანდრემ თავისი ქადაგებებიდან გვასწავლა მოწყალების გაცემა და თვითონ გვაძლევს მაგალითსაც"-განაცხადა სააგენტოსთან საუბარში ჩვენმა რესპონდენტმა.

















