საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ხულოს მუნიციპალიტეტში
შშმ პირების ჩართულობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სხვა ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ.
ღონისძიება დრამატული თეატრის ეზოში გაიმართა, რომელიც ა(ა)იპ „ხულოს სახელოვნებო სკოლის“ ბაზაზე არსებულმა ხულოს თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა ბავშვთა თეატრალურმა სტუდიამ გახსნა. პატარა მსახიობებმა, ფრანგული ზღაპრის მიხედვით შექმნილი თოჯინური სპექტაკლი “ვარიაცია წითელქუდას თემაზე” წარმოადგინეს.
ღონისძიების შემდგომ ნაწილში მაყურებლის წინაშე ზღაპრებისა და ანიმაციური ფილმების პერსონაჟები წასდგნენ, რომლებმაც ბავშვებთან ერთად სხვადასხვა ცეკვები და სიმღერები შეასრულეს.
პარალელურად მიმდინარეობდა სპორტული ღონისძიებები. გაიმართა შეხვედრები ჭადრაკსა და ნარდში, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები. გამარჯვებულებს თასები, მედლები, სიგელები და ფულადი საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიების დასასრულს კი გაიმართა ლანჩი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა შშმ პირთა დასახმარებლად და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის უზრუნველსაყოფად სხვადასხვა სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროგრამებს ახორციელებს.

















