სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სისხლის უანგარო დონაციის აქციას
შეუერთდა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფის 40-მდე სამხედრო მოსამსახურემ მონაწილეობა მიიღო სისხლის გადასხმის საქველმოქმედო აქციაში.
ჯარისკაცების მიერ გაღებული სისხლის რეზერვი, საჭიროებისამებრ, სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებს მოხმარდება.
”საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო და სამედიცინო წესების სრული დაცვით წარიმართა. მსგავსი სახის საქველმოქმედო აქციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი პერიოდულად მონაწილეობს”, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, სისხლის დონაციის აქციას სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი რევაზ კუჭუხიძე და ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამხედრო ჰოსპიტალი უახლოეს მომავალში პროექტის - „აჩუქე სისხლი - აჩუქე სიცოცხლე“ განხორციელებას გეგმავს. პროექტის მიზანს უანგარო დონაციის კულტურის დანერგვა და დონორების წახალისება წარმოადგენს. პროექტში მონაწილე დონორები სამხედრო ჰოსპიტალში პრივილეგიებით ისარგებლებენ.

















