ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ დილის 09:00 საათიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.
ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გამოცდები საქართველოს მასშტაბით 17 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება. აბიტურიენტთა რეგისტრაცია 08:00 საათიდან, ხოლო მეთვალყურეებისა და კოორდინატორების რეგისტრაცია 07:00 საათიდან იწყება. სწორედ ამ დროისთვის მიიტანენ საგამოცდო ცენტრებში დალუქულ ტესტებს.
„ტესტები დაცულია. ისინი გამოცდის დაწყების წინ უშუალოდ კამერის მეთვალყურეობის ქვეშ გაიხსნება“ – განაცხადა დეკანოიძემ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 28-29 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება. გამოცდების განრიგი ასეთია: 2 ივლისს – უცხოური ენა (გერმანული); 2, 3 და 4 ივლისი - უცხოური ენა (ინგლისური); 5 ივლისი - უცხოური ენა (ფრანგული); 5 ივლისი - უცხოური ენა (რუსული); 6 ივლისი - ლიტერატურა; 6 ივლისი - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი; 9 და 10 ივლისი - ზოგადი უნარები; 11 ივლისი - გეოგრაფია; 12 ივლისი - ფიზიკა; 16 ივლისი - ისტორია; 17 ივლისი - მათემატიკა; 18 ივლისი - ბიოლოგია; 19 ივლისი - ქიმია.
ერთიანი სამაგისტრო გამოცდები 12, 13 ივლისს ჩატარდება, ხოლო მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები 2-დან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
ეროვნულ გამოცდებზე წელს 35 360 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. გამოცდების საბოლოო შედეგები მათ 25 აგვისტოს ეცოდინებათ.

















