ხულოს მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კულტურული ღონისძიებები
გაიმართა. ღონისძიება დაბა ხულოს საბავშვო ბაღის ეზოში დაიწყო, რომელიც ამ დღისათვის სპეციალურად მოეწყო. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ ბაღების აღსაზრდელებს სხვადასხვა სახის საბავშვო ლიტერატურა გადასცა. ამის შემდეგ გამგებელი ზედა ვაშლოვანის, ბეღლეთისა და ბოძაურის ალტერნატიულ სკოლამდელ ცენტრებს ესტუმრა და აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა.
უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ნახსენებ სამივე სოფელში შენდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და უახლოეს მომავალში აღსაზრდელებს ექნებათ საშუალება თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღების მომსახურებით ისარგებლონ.
ბაღის აღსაზრდელების მონახულების შემდეგ გამგებელი კურორტ „გოდერძიზე“ გამართულ ღონისძიებას დაესწრო, რომლის ორგანიზებაც კურორტის ხელმძღვანელობამ უზრუნველყო. ღონისძიებაში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პარალელურად, ხულოს კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ღონისძიება ხულოს საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართა. ღონისძიებაში ჩართულები იყვნენ დაბის საჯარო სკოლის მოსწავლეები. მათ წარმოგვიდგინეს მუსიკალური ნომრები, ცეკვები, წაიკითხეს ლექსები, ასევე გააცოცხლეს ზღაპრის გმირები. დასასრულს ღონისძიების აქტიურ მონაწილეებს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობისგან სიგელები, ხოლო ბავშვებს საჩუქრად ტკბილეული გადაეცათ. ღონისძებას გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

















