კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” წევრი ორგანიზაციები და სამოქალაქო
საზოგადოების სხვა წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან დღეს, სხდომის პარალელურად აქციას გამართავენ.
ორგანიზატორების განცხადებით, აქცია მიემართება დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხს ზოგიერთი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნასთან დაკავშირებით, მათ შორის, მოსალოდნელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნაც.
როგორც ცნობილია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს ზოგიერთი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გამწესების საკითხს. მათ შორის განიხილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნაც.
"თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე თანამდებობიდან 25 მაისს გადადგა. ის ფაქტი, რომ იუსტიციიის უმაღლესი საბჭოს წევრების დიდ ნაწილს ვადა ივნისის დასაწყისში ეწურება აჩენს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ საბჭო მოქმედი შემადგენლობის პირობებში და არაფორმალური გარიგებების საფუძველზე აპირებს სასურველი კადრი გაამწესოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე.
სასამართლოს/პალატების/კოლეგიების თავმჯდომარეების დანიშვნის გაუმჭვირვალე პრაქტიკა წლებია სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სასამართლო სისტემისთვის. წლებია თავმჯდომარეები სასამართლო სისტემაში მოსამართლეების უფროსებად აღიქმებიან და მიიჩნევა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მათ ინდივიდუალურ მოსამართლეებზე კონტროლის განხორციელების მიზნით ნიშნავს.
იმ შემთხვევაში თუ ორშაბათს საბჭო კვლავ არაფორმალური გარიგებების საფუძველზე დანიშნავს ახალ თავმჯდომარეებს, ეს კიდევ უფრო გაზრდის მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფების არაჯანსაღ გავლენებს სისტემაში და შეამცირებს საზოგადოების ნდობას სასამართლო ხელისუფლებისადმი"-აცხადებენ ორგანიზატორები.

















