პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეები“ სოფლების საჯარო სკოლებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხდა, ხელისუფლების წარმატებულ რეფორმებში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს განათლების რეფორმა და საჯარო სკოლების თითქოს ბევრად გაუმჯობესებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იკავებს, თუმცა "ახალი მემარჯვენეების" ვიზიტებმა საქართველოს სოფლებში სხვა რეალობა აჩვენა.
ნაჭყებიას განცხადებით, საქართველოს პრაქტიკულად ყველა რეგიონის სოფლებში საჯარო სკოლების მდგომარეობა უმძიმესია, ხოლო მათი ნაწილის გამოყენება სასწავლო დაწესებულებად, საშიშია.
ამის დასადასტურებლად მანანა ნაჭყებიამ პრესკონფერენციაზე საქართველოს რამდენიმე სოფლის საჯარო სკოლების ფოტოები წარადგინა.
„ამის მიხედვით ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება - სოფელი და მისი სკოლა ამ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი არ არის"- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.
მისივე თქმით, განათლების სამინისტრო ამ შენობების შეკეთებას არც აპირებს და მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის საბაბით სკოლებს დახურვა ემუქრებათ.
"სირცხვილია 21-საუკუნის საქართველოში ასეთი სკოლების არსებობა, დანაშაულია ბავშვები აიძულო ან ასეთ სკოლებში ისწვალონ, ან სკოლამდე რამდენიმე კილომეტრი ფეხით იარონ. მინდა შევთავაზო „ნაციონალურ მოძრაობას“, მოგაწვდით ამ სოფლების ჩამონათვალს და თქვენი თვალით ნახეთ სკოლების მდგომარეობა“ - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.
როგორც ნაჭყებიამ აღნიშნა, კანონის თანახმად უკვე დაწყებული უნდა იყოს 2013 წლის ბიუჯეტზე მუშაობის პროცესი და საქართველოს მთავრობამ უნდა გააორმაგოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისთვის გამოყოფილი თანხები.

















