არასამთავრობო ორგანიზაცია „წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT)“ წარმომადგენლებმა წამების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
ვერის პარკში, აქცია - “არ აწამო, იწამე ადამიანი“ გამართეს.
როგორც ცენტრის თავმჯდომარემ ლელა ცისკარიშვილმა აქციაზე აღნიშნა, დღევანდელი აქციით, ისინი წამების მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ.
მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოების მიერ თითოეული ადამიანის უფლება - არ დაექვემდებაროს წამებას, აღიარებულია როგორც აბსოლუტური უფლება და მასში ჩარევა არ შეიძლება გამართლდეს.
მისივე თქმით, საქართველოში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობით კონკრეტული ფაქტები სახალხო დამცველის ანგარიშშია ასახული.
„სახალხო დამცველის 2010 წლის საპარლამენტო ანგარიშში საპატიმრო დაწესებულებებში არადამიანური მოპყრობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მათი ეფექტური გამოძიება არ მომხდარა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სტატისკით, 2012 წლის ივნისის მონაცემებით, პატიმართა რაოდენობა 23 658 შეადგენს, რაც საქართველოს მოსახლეობის 0.53% -ია“ - აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.
მათივე განმარტებით, დღეს საღამოს, ღონისძიების მონაწილეები თბილისის #8 საპყრობილესთან ცაში საჰაერო ფარნებს გაუშვებენ. ამით აქციის მონაწილეები აღნიშნული დაწესებულების პატიმრების მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ.

















