"თუშეთში მგლების შემოსევაა... რამდენიმე დღის წინ მათ სოფელ ომალოსა და შენაქოში მოსახლეობას ცხენები
შეუჭამეს"-, განაცხადეს "ნიუსპრესთან" საუბარში თუშეთის მაცხოვრებლებმა.
მათი განმარტებით, მგლები უკვე სოფლებშიც ჩამოდიან და შესაძლოა ადამიანებსაც დაესხან თავს.
ადგილობრივები ითხოვენ რომ ხელისუფლებამ ან მათ მისცეს მტაცებელი ცხოველების დახოცვის უფლება, ან თავად მოაგვარონ ეს პრობლემა.
"საქართველოში მგლის მოკვლაზე ჯარიმაა. ჩვენც ვერიდებით კანონის დარჩეცას, მაგრამ როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? მტაცებელი ცხოველები უკვე სოფლებში გვივარდებიან. არ არის გამორიცხული ისინი ადამიანებსაც დაესხან თავს," - ამბობენ ჩვენთან საუბარში ადგილობრივები.
მათივე განმარტებით, მგლების რაოდენობა თუშეთში ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა.
ანალოგიური ვითარებაა საქართველოს სხვა რეგიონებში. მოსახლეობა უკვე წლებია ითხოვს ამ პრობლემის მოგვარებას. ხელისუფლება მგლების მოკვლის უფლებას არ იძლევა - ევროპაში აკრძალულიაო.
ამ მიზეზით საქართველოში უკვე რამდენჯერმე დატრიალდა ტრაგედია. წლების წინ მგელმა დუშეთის რაიონში მცირეწლოვანი ბავშვი დაგლიჯა. ბავშვი გარდაიცვალა. იმედია შესაბამისი უწყებები ახლა მაინც მოიცლიან ამ პრობლემისთვის.

















