პროფესიული გადამზადების პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს მთავრობის
სხდომაზე განაცხადა, დასაქმებისა და გადამზადების მსურველ ყველა მოქალაქეს პროგრამის ფარგლებში შეუძლია 1 ივლისამდე რეგისტრაცია გაიაროს განათლების სამინისტროს შესაბამის ოფისებში და 1 000 ლარიანი ვაუჩერი მიიღოს.
გილაურის თქმით, პროგრამის მეორე ტალღის ფარგლებში 1 500 ვაუჩერი გაიცემა, ხოლო ვინც ვაუჩერის მიღებას ამ ეტაპზე ვერ შეძლებს, დაფინანსების მოპოვება მას სექტემბრისთვის, მესამე ეტაპზე შეუძლია.
გილაურის თქმით, პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით, კურსდამთავრებულთა 60-70%-მა გადამზადებიდან პირველივე თვეში სამსახური დაიწყო.
„ალბათ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამაა, რაც წელს დავნერგეთ. მისი მიზანია ქვეყანაში უმუშევრობა შეამციროს და ეკონომიკას მეტი ძალა შესძინოს“ - განაცხადა პრემიერმა.
გილაურის თქმით, საქართველოში ამ ეტაპზე 18 პროფესიული სასწავლებელია, სექტემბრისთვის დამატებით 3 ახალი სასწავლებლის გახსნა იგეგმება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროფესიული გადამზადების პროგრამას მთავრობა მომავალ წელსაც გააგრძელებს.

















