პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების დასაწყებად ქვეყანაში ყველაფერი მზადაა. ამის შესახებ
მან დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გილაურის თქმით, გამოცდები 28 ივნისს დაიწყება და მასზე 35 ათასი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. გამოცდებისთვის მზადყოფნაშია 17-ვე საგამოცდო ცენტრი.
გარდა ამისა, 2 ივლისს დაიწყება მასწავლებელთა სასერტიფიაკაციო გამოცდები, რომელზეც 39 ათასი პედაგოგია დარეგისტრირებული.
გამოცდების მოსამზადებელი სამუშაოების დეტალებთან დაკავშირებით სხდომაზე განმარტებები პრემიერმა განათლების მინისტრისგან მოისმინა.
როგორც დიმიტრი შაშკინმა აღნიშნა, საგამოცდო ტესტები საქართველოში დიდი ბრიტანეთიდან უკვე ჩამოტანილია და შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფისებშია გადანაწილებული. ასევე, ყველაფერი მზადაა მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის.
როგორც შაშკინმა აღნიშნა, მთლიანი საგამოცდო ციკლი 19 ივლისისთვის დასრულდება. გამოცდების შედეგები კი, აგვსიტოს ბოლოსთვის გამოქვეყნდება.

















