საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” მეტეოროლოგიურმა სამსახურმა,
გენერალური დირექტორის გოჩა მეზვრიშვილის ინიციატივით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების კლიმატოლოგიური ცნობარი გამოსცა.
კლიმატოლოგიური ცნობარი „Climatological Summary of Georgian Aerodromes 2010-2016“ ინგლისურ ენაზე გამოიცა და მოიცავს 12 კლიმატოლოგიურ მოდელს. მასში მოცემულია თბილისის (UGTB), ქუთაისისა (UGKO) და ბათუმის (UGSB) საერთაშორისო აეროპორტების მეტეოსადგურებზე 2010-2016 წლების მეტეოროლოგიური დაკვირვების შედეგების სტატისტიკური ანალიზი.
ცნობარი ორი ნაწილად არის წარმოდგენილი. პირველ ნაწილში მოცემული ინფორმაცია შეეხება აეროპორტების გეოგრაფიულ და კლიმატოლოგიურ თავისებურებებს, სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ ცირკულაციურ პროცესებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის ჩამოყალიბებას განაპირობებს. მეორე ნაწილში კი ასახულია მეტეოროლოგიური ელემენტების (ხილვადობის მანძილი ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე (ადზ), ხილვადობა, ღრუბლის სიმაღლე, ქარის სიჩქარე და მიმართულება, მიწისპირა ჰაერის ტემპერატურა) ექვსწლიანი განაწილების ცხრილები და გრაფიკები.
“სტატისტიკური მასალის მომზადებას საფუძვლად უდევს ICAO-სა (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) და WMO-ს (მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია) რეკომენდაციები საავიაციო კლიმატოლოგიური მასალის დამუშავების შესახებ. მოდელები დაფუძნებულია საავიაციო სააეროდრომო მეტეოროლოგიურ შეტყობინებებზე (Metar-ებზე). თუმცა ამ ნაშრომში ის უფრო დეტალურადაა განხილული და გამდიდრებულია დამატებითი ინფორმაციით,თითოეული მეტეო ელემენტისათვის 5000-ზე მეტი შემთხვევა დამუშავდა”,- აცხადებს წიგნის ავტორი, შპს „საქაერონავიგაციის“ მეტეოროლოგიური სამსახურის უფროსი, ბადრი ჯიჯელავა.
კლიმატოლოგიურ ცნობარში მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია როგორც საავიაციო მიზნებისთვის, ასევე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისთვის. ამ ინფორმაციის მომხმარებელთა ფართო წრე უფლებამოსილი იქნება მასალა პროფესიონალური თვალსაზრისით გამოიყენოს.

















