მსახიობი გივი ბერიკაშვილი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობამ მოულოდნელად გუშინ, გამთენიისას გაუარესდა, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
გივი ბერიკაშვილი დაიბადა 1933 წლის 12 მაისს. 1956 წელს დაამთავრა სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიიობო ფაკულტეტი, მუშაობდა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში, სოხუმის სახელმწიფო თეატრში და მარჯანიშვილის სახელობის თეატრში.
გივი ბერიკაშვილს მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრში 35 როლი, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 6 როლი, რუსთაველის თეატრში კი 10 როლი აქვს შესრულებული. ასევე, შექმნა უამრავი კინოსახე.
გივი ბერიკაშვილს სხვადასხვა დროს მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული არტისტის, საქართველოს სახალხო არტისტის და წლის საუკეთესო მამაკაცი არტისტის წოდებები.
იყო კოტე მარჯანიშვილისა და იპოლიტე ხვიჩიას პრემიის ლაურეატი.

















