ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გენერალური დირექტორი, პროფესორი როლფ ჰოიერი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საპატიო დოქტორი გახდა.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, ეს წოდება ჰოიერს აკადემიური საბჭოს დადგენილებით, თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისთვის და სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა. ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ ვიქტორ მატვეევს კი ქართველი მეცნიერების ხელშეწყობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.
როლფ ჰოიერმა თსუ-ში საჯარო ლექცია წაიკითხა - „ფუნდამენტური კვლევები ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაცია CERN-ში“. თსუ–ში საჯარო ლექციით წარსდგა ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის (JINR) წარმომადგენელი, პროფესორი გენადი კოზლოვიც.
თსუ -ს რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს კარგი ურთიერთობა აქვს ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია საქართველოში ასეთი დონის მეცნიერების სტუმრობა.
„სწორედ CERN–ში, დიდ კოლაიდერზე წარმატებულად მუშაობენ ქართველი მენიერები და წარმატებული პოზიციები უკავიათ“–განაცხადა მან.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი სულხან სისაური, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები.

















