სურსათის ეროვნული სააგენტო სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკების კონტროლს ახორციელებს, თუმცა, უწყების
ინფორმაციით, სურსათით მომარაგებისას კვლავ აღინიშნება საეჭვო წარმომავლობის საკვების შეტანის შემთხვევები სასკოლო და სკოლამდელ დაწესებულებებში.
ამგვარი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წერილით მიმართა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს და მუნიციპალიტეტებს. სააგენტოს რეკომენდაციით, საბავშვო ბაღების და საჯარო სკოლების სურსათით უზრუნველყოფისათვის ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე სასურველია, ბიზნესოპერატორმა გაიაროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი.
„შედეგად, ბაღებსა და სკოლებში შემცირდება საეჭვო წარმომავლობის სურსათის მოხვედრის რისკი და უზრუნველყოფილი იქნება სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების უვნებელი სურსათით მომარაგება“-აცხადებენ სააგენტოში.

















