ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წელი შესრულდა.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლა XX საუკუნის დამდეგს დაიწყო. ამ ბრძოლას სათავეში ედგნენ: ეპისკოპოსი კირიონი (გიორგი საძაგლიშვილი), ეპისკოპოსი ლეონიდე (ლონგინოზ ოქროპირიძე), არქიმანდრიტი ამბროსი (ხელაია), დეკანოზი კალისტრატე (ცინცაძე). ქართველი სამღვდელოების ძალისხმევით 1905 წლის ივნისში თბილისში მოიწვიეს ქართველი სამღვდელოების კრება, რომლის გადაწყვეტილებაც ასეთი იყო: „მხოლოდ თავისუფალ თვითმმართველ ეკლესიას ძალუძს დაიცვას წმინდა რწმენა თავისთავში და მთლიანად ფლობდეს ხმას თავის მაღალ ღვთაებრივ ცნობასა, რომლისგანაც აალდება ადამიანთა გულები”.
ქართველი სამღვდელოების ასეთმა ერთსულოვნებამ მოთმინებიდან გამოიყვანა საქართველოს ეგზარქოსი ალექსი. მან გამოიძახა რუსი ჯარისკაცები და ძალის გამოყენებით დააშლევინა კრება. ეს ამბავი იმდენად სამარცხვინო იყო და ისე გახმაურდა, რომ ოფიციალური ხელისუფლება იძულებული გახდა ეგზარქოსი საქართველოდან გაეწვია. ახალი ეგზარქოსის, ნიკონის დანიშვნას ქართველი სამღვდელოება დაუფარავი პროტესტით შეხვდა. მდგომარეობა ისე დაიძაბა, რომ რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ II იძულებული გახდა 1906 წელს პეტერბურგში ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხების განსახილველად დაენიშნა „სინოდის წინარე სხდომა”. კომისიის სხდომაზე მოხსენებით გამოვიდნენ ეპისკოპოსები: კირიონი და ლეონიდე; პროფესორები ალექსანდრე ცაგარელი, ალექსანდრე ხახანაშვილი, ნიკო მარი. კირიონის მოხსენების თემა შემდეგ საკითხებს ეხებოდა: „1. საქართველოს საეკლესიო საკითხი, 2. რა აიძულებს ქართველებს იბრძოლონ თავიანთი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, 3. რომელ წელს მიენიჭა ივერიის ეკლესიას ავტოკეფალია, 4. ეროვნული პრინციპი ეკლესიაში”.
ალექსანდრე ცაგარელის მოხსენება ეხებოდა XVII-XVIII საუკუნეებში საქართველოს ეკლესიის ოფიციალურ მიმოწერას. იგი ასაბუთებდა, რომ რუსეთის ეკლესიის სინოდსა და საერო მთავრობას არავითარი უფლება არ ჰქონდა გაეუქმებინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. ამისათვის საჭირო იყო საქართველოსა და მსოფლიოს საეკლესიო კრებების თანხმობა. ცაგარელმა თავის მოხსენებაში დაასაბუთა ის უარყოფითი შედეგები, რაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებას მოჰყვა.
ალექსანდრე ხახანაშვილის მოხსენებაში, რომელიც ეხებოდა საქართველოს ეკლესიისა და განათლების მდგომარეობას XVIII საუკუნეში, დასაბუთებული იყო ქართული ეროვნული შეგნების, ქართული ენისა და საერთოდ განათლების განვითარებაში საქართველოს ეკლესიის როლი და მნიშვნელობა.
ნიკო მარის მოხსენებამ „საქართველოს ეკლესიის ისტორიული განხილვა ძველი დროიდან” განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სხდომაზე. ექვთიმე თაყაიშვილის გადმოცემით ნიკო მარმა „თავისი რიხიანი გამოსვლებით, ღრმა ცოდნით და უამრავი ფაქტების მოტანით ჩვენი ეკლესიის თვითმმართველობისა და მისი მამების უაღრესად განათლებული მოღვაწეობის აღნუსხვით ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის მოწინააღმდეგენი ჩიხში მოამწყვდია”.
„სინოდის წინარე სხდომაზე” ქართველი სამღვდელოების მოთხოვნამ ასეთი სახე მიიღო:
1. ცნონ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც ივერიის ეკლესიას ებოძა VI მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით და რომელიც ცნეს კონსტანტინოპოლისა და აღმოსავლეთის პატრიარქებმა.
2. აუცილებელია აღდგეს ქართლის, სამცხის, კახეთის, სამეგრელო-სამურზაყანოს, გურიის ეპარქიები. საქართველოს ეკლესიას უფლება მიეცეს წელიწადში ორჯერ საეკლესიო კრების მოწვევისა.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოწინააღმდეგეებმა უსაფუძვლო რეპლიკებითა და ქართველი ერის შეურაცხმყოფელი გამოსვლებით ჩაშალეს კომისიის სხდომა. ქართველმა მეცნიერებმა და ეპისკოპოსებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს, მაგრამ ავტოკეფალიისათვის ბრძოლა არ შეუწყვეტავთ.
ეპისკოპოსმა კირიონმა, დეკანოზმა კალისტრატემ, ისტორიკოსმა თედო ჟორდანიამ, ნიკოლოზ დურნოვომ 1905-1906 წლებში დაბეჭდეს ნაშრომები, რომლებშიც ასაბუთებდნენ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობას.
რუსეთის ხელისუფლება მოვლენების ასეთ განვითარებას არ მოელოდა. მას „სინოდის წინარე სხდომა” თვალის ასახვევად სჭირდებოდა და არა საკითხის ნამდვილი არსის გასარკვევად, ამიტომ ხელსაყრელ მომენტს ელოდა, რათა ავტოკეფალიის მომხრეთა წინააღმდეგ რეპრესიები დაეწყო. ასეთი მომენტიც დადგა. 1908 წლის 28 მაისს სოციალ-დემოკრატებმა თბილისში მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი. რუსმა ნაციონალისტებმა ნიკონი სამშობლოსათვის წამებულად გამოაცხადეს და მკვლელობაში ქართული ეკლესიის ავტოკეფალიისათვის მებრძოლი ეპისკოპოსები დაადანაშაულეს. განსაკუთრებული დევნა და შევიწროება ეპისკოპოსმა კირიონმა განიცადა. მას ჯერ უშუალოდ ნიკონის მკვლელობაში დასდეს ბრალი, მაგრამ როცა ეს ვერ დაამტკიცეს, დაიწყეს იმის მტკიცება, რომ კირიონი მკვლელებს იცნობდა. იგი ყოველგვარი გამოძიების გარეშე 1908 წელს კოვნოდან გადაასახლეს ტამბოვის გუბერნიის ერთ-ერთ მონასტერში და სასულიერო ხარისხი ჩამოართვეს. კირიონი 1915 წლამდე პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
ქართული საზოგადოების მოწინავე ნაწილი ავტოკეფალიისათვის მებრძოლი მღვდელმთავრისა და მეცნიერის განთავისუფლებისათვის იბრძოდა. რუსეთის იმპერატორის სახელზე იგზავნებოდა მრავალი თხოვნა. ადამიანის უფლებათა დაცვის ლიგის თავმჯდომარემ ჟორჟ ლორანმა 1909 წლის 10 მარტს გამოგზავნილ წერილში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სთხოვა ეპისკოპოს კირიონის დაცვა გაუთავებელი დევნა-შევიწროებისაგან.
გადასახლებაში მყოფი კირიონი აგრძელებდა ბრძოლას ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. იოსებ ჩიჯავიძისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავდა:
1915 წელს მართალია ეპისკოპოს კირიონს დაუბრუნეს სასულიერო წოდება, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის უფლება მაინც არ მისცეს. მიუხედავად ამისა, საქართველოში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მედგრად აგრძელებდნენ ბრძოლას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის.
1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციის შემდეგ, 1917 წლის 12 (25) მარტს, მცხეთის სვეტიცხოველში შეკრებილმა ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო საეკლესიო კრებაზე მიიღო გადაწყვეტილება ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ.
ქართველი მღვდელმთავრების ამ გადაწყვეტილებას მტრულად შეხვდა რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლება. იყო მცდელობა, რომ ტერიტორიული ავტოკეფალია შეეცვალათ ეროვნული ავტოკეფალიით, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკლესია კვლავ რუსეთის ეკლესიის სინოდს უნდა დამორჩილებოდა. ქართველი სამღვდელოება და მოწინავე საზოგადოება მედგარ წინააღმდეგობას უწევდა ამ გეგმის განხორციელებას. თბილისში ამ მიზნის მისაღწევად ჩამოსული პროფესორი ვლადიმერ ბენეშევიჩი არც მუქარას მოერიდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
1917 წლის მარტიდან სექტემბრამდე საქართველოში დიდი მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ასარჩევად. შემუშავდა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, განისაზღვრა ეპარქიათა რაოდენობა. რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნებულ ეპისკოპოს კირიონს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით შეხვდნენ ისინი, ვინც ამ მოღვაწის პიროვნების ფასი იცოდნენ.
პიველი საეკლესიო კრება შედგა თბილისში, 1917 წელს 9-17 სექტემბერს. დაადგინეს მართვა გამგეობის დებულებანი და 1917 წლის 17 სექტემბერს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები. კენჭს იყრიდა ორი კანდიდატი: მიტროპოლიტი ლეონიდე და ეპისკოპოსი კირიონი. კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს ეპისკოპოსი კირიონი (გიორგი საძაგლიშვილი) კირიონ II-ის სახელწოდებით. განსაკუთრებული ზეიმით მოხდა კირიონ II-ის აღსაყდრება მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თავისი კუთვნილი ადგილი უნდა დაეკავებინა, როგორც საქართველოს სულიერ ცხოვრებაში, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროში. ამ ამოცანების შესასრულებლად დიდი შრომა, ინტელექტი და თავდადება იყო საჭირო. კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II სწორედ ის საჭეთმპყრობელი იყო, რომელიც ქართულ ეკლესიას გადაალახვინებდა იმ სიძნელეებს, რომელიც შექმნილი იყო როგორც მატერიალური, ასევე სულიერი ცხოვრების სფეროში.
კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ს მეტად რთულ ვითარებაში მოუხდა მოღვაწეობა. 1918 წლის 26 მაისს აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა. 27 მაისს, თბილისისთავისუფლების მოედანზე პატრიარქმა სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა და სიტყვით მიმართა საზოგადოებას. საქართველოს ეკლესიამ რუსულენოვანი სასულიერო სასწავლებლები ქართულად გადააკეთა. კირიონ II-მ აქტიური მონაწილეობა მიიღო თბილისის უნივერსიტეტის გახსნის ზეიმში.
საქართველოს საპატრიარქომ ეპისტოლეები დაუგზავნა მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების პატრიარქებს და მათ ძველი კავშირ-ურთიერთობათა აღდგენა სთხოვა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ სათანადო ყურადღება ვერ დაუთმო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მიიღეს არაერთი საკანონმდებლო აქტი, რომლითაც შეზღუდეს ეკლესიის უფლებები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გაუთანაბრდა საქართველოში მოქმედ სხვა რელიგიურ მიმდინარეობებს.
საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის, ისევე როგორც ქართველი ერის სამსახური იმ დროს დიდ თავგანწირვასა და მსხვერპლს მოითხოვდა. პირველი ასეთი მსხვერპლი ქართულმა ეკლესიამ 1918 წლის 27 ივნისს, როცა მარტყოფის მონასტერში დღემდე დაუდგენელ ვითარებაში მოკლეს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II.
მეორე საეკლესიო კრება შედგა თბილისში, 1920 წელს 27 ივნისს. განიხილეს ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფის, სასულიერო სასწავლებლების განათლების სამინისტროსათვის გადაცემის, ეკლესიის ბიუჯეტის, მცხეთა-თბილისის ეპარქიის გაერთიანების საკითხები. კრებამ მიტროპოლიტი ლეონიდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად დაამტკიცა.
საქართველოს ეკლესიას დიდ სირთულეებს უქმნიდა რუსეთის ეკლესია. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ რუსეთში აღდგა პატრიარქობა. ახალი პატრიარქი, ტიხონი, აგრძელებდა რუსეთის სინოდის პოლიტიკას ქართული ეკლესიის მიმართ. 1917 წლის 29 დეკემბერს მან წერილით მიმართა საქართველოს ეკლესიას. ამ წერილში იგი უარყოფითად აფასებდა საქართველოს ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის აღდგენას და საქართველოს ეკლესიის მესვეურთაგან მოითხოვდა რუსეთის საქართველოს კრებაზე მიწვევას და „ცთომილებათა მონანიებას”. 1919 წლის 5 აგვისტოთი დათარიღებულ საპასუხო ეპისტოლეში კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე ასაბუთებდა, თუ რამდენად მცდარი და მედიდური იყო რუსეთის პატრიარქის მოთხოვნები და პრეტენზიები.
1921 წლის 20 თებერვალს, როცა საბჭოთა რუსეთის ჯარები საქართველოს დედაქალაქს უტევდნენ, პატრიარქმა ლეონიდემ სიტყვა წარმოთქვა სამხედრო ტაძრის ეზოში, რომელშიც ერს ხელისუფლების მხარში დგომისაკენ მოუწოდა:
„ზომას აღმატებული უბედურება” მაინც მოხდა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მეთერთმეტე არმია თბილისში შემოვიდა და საქართველო დაიპყრო. კათოლიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ ქართველი ერის თავს დამტყდარი უბედურება ვეღარ გადაიტანა. თბილისში შექმნილი იყო უკიდურესად მძიმე ვითარება. წყალიც კი არ იშოვებოდა და ხალხი დასალევ წყალს მტკვრიდან ეზიდებოდა. როცა მორჩილებმა ლეონიდეს შესთავაზეს წყალს წყაროებიდან მოგიტანთო, მან კატეგორიული უარი განაცხადა. კათოლიკოს-პატრიარქს შავი ჭირის ეპიდემია შეეყარა და 1921 წლის 11 ივნისს გარდაიცვალა.
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, რაც განპირობებული იყო, ერთი მხრივ საბჭოთა ხელისუფლების ანტირელიგიური პოლიტიკით, ხოლო მეორე მხრივ რუსეთის ეკლესიის დამოკიდებულებით.
მესამე საეკლესიო კრება შედგა გელათში, 1921 წელს 1-5 სექტემბერს, რომელზეც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია ცხუმ–აფხაზეთისმიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია).
ამბროსი ხელაიამ ჯერ კიდევ ყაზანის უნივერსიტეტში სწავლის დროს მიიქცია საზოგადოების ყურადღება, როცა ჯერ კიდევ ახალგაზრდამ დაწერა ნაშრომი „ქრისტიანობის ბრძოლა ისლამთან საქართველოში”. მის სახელთანაა დაკავშირებული „მოქცევაჲ ქართლისაჲ”-ის ჭელიშური რედაქციის პოვნა და შესწავლა.
ამბროსი ხელაია იყო თავდადებული ავტოკეფალისტი, ამიტომაც განიცდიდა საშინელ დევნა-შევიწროებას. 1908 წელს იგი საქართველოდან გადაასახლეს. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ის ჯერ ჭყონდიდის, ხოლო 1919 წლიდან ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო.

















