საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით და „ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკის“
ჩართულობით, პარლამენტის ქუთაისის სასახლეში, უანგარო დონორთა აქცია - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ გაიმართა.
„სამწუხაროდ, სისხლის უქონლობის გამო იღუპებიან ჩვენი მოქალაქეები და ვისაც შეგვიძლია, ვისაც პრობლემა არ გვაქვს, სიამოვნებით ვერთვებით ამ აქციაში პერმანენტულად“, - აღნიშნა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა.
დონორთა აქციაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ. მისი განცხადებით, მსგავსი აქციები საზოგადოებაში სოლიდარობის განცდას აჩენს, რაც დადებით ურთიერთდამოკიდებულებას განაპირობებს. „ჩვენს საზოგადოებაში მნიშვნელოვანია სოლიდარობის განცდის განვითარება. ეს აქცია სწორედ ამის მაგალითია, პარლამენტარები ვცდილობთ დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომელთაც ესაჭიროებათ სისხლი“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.
„სისხლის გაცემა ძალიან კეთილშობილური აქციაა, ეს სჭირდებათ ბავშვებს, სჭირდებათ ჩვენს მოქალაქეებს, ვისაც არ გაუმართლა, ვისაც დღეს უჭირს, მათთვის ეს არის, პირდაპირი გაგებით, სიცოცხლის ხაზი და გადარჩენის საშუალება“, - ასე აფასებს უანგარო დონორთა აქციის მნიშვნელობას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ის მცირე მოცულობის სისხლი, რომელსაც დონორები გაიღებენ, შესაძლოა, სხვა ადამიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი აღმოჩნდეს. „მნიშვნელოვანია, რომ ის რაც ჩვენთვის თითქოს უმნიშვნელოა, გავიღოთ დღეს უანგაროდ და გადავარჩინოთ ის ადამიანები, რომელთათვისაც ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
სისხლის ჩაბარების დონორთა აქციაში მონაწილეობა პარლამენტის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა მიიღეს.

















