არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ must carry-სა და must offer-ის პრინციპების საკანონმდებლო დონეზე რეგულაციას
დაუყოვნებლივ მოითხოვს.
ამის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ინიციატივის ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში 30 000 ხელმოწერით გადაწყდება, „ახალგაზრდა ადვოკატები“ მზადყოფნას გამოთქვამს აქტიური მონაწილეობა მიიღოს მის საზოგადოებრივ მხარდაჭერაში.
„საქართველოს პარლამენტის თანხმობა კერძო საკაბელო ტელევიზიებმა ჩართონ ეროვნული მაუწყებლები და საპარლამენტო არჩევნების წინ, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცეს მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია, მოუსმინონ და შეაფასონ განსხვავებულ აზრს, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების შთამბეჭდავი წარმატებაა“ - მიაჩნიათ ორგანიზაციაში.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლები საქართველოში შექმნილ წინასაარჩევნო ვითარებას შემაშფოთებელს უწოდებენ და დემოკრატიული, მიუკერძოებელი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წინაპირობად ინფორმაციის თავისუფლების ხელმისაწვდომობას ასახელებენ და განმარტავენ, რომ პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება ცალსახად პოზიტიურია, თუმცა, საკანონმდებლო ხელისუფლების პოზიციის მიუხედავად, საზოგადოება მოითხოვს დაზუსტებას და განმარტებას, ოფიციალურ დოკუმენტს, თუ რას ეთანხმება რეალურად პარლამენტის თავმჯდომარე და რა ვადებში უნდა მოხდეს ინიციატივის ამოქმედება.

















