სასტუმროში - „რედისონ ბლუ ივერია“, დღეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და უნგრეთის საელჩოს შორის
გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავს 2015 წლის 13-14 ივნისის თბილისის წყალდიდობით დაზარალებული ადამიანების დახმარებას საკვები და არასაკვები ამანათებით, ასევე ბავშვებისათვის ფსიქოსოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფას სწჯს-ის ფსიქოსოციალური ცენტრის საშუალებით.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ცერემონიის დაწყებამდე გაიმართა დახურული შეხვედრა, სადაც მათ განიხილეს უნგრეთის წითელი ჯვართან თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება 2015 წლის 13 ივნისს თბილისში განვითარებული სტიქიური მოვლენების გამო შექმნილ საგანგებო სიტუაციაში პირველივე საათებიდან ჩაერთო რეაგირების პროცესში და იგი დღემდე აგრძელებს დაზარალებული მოსახლეობის გადაუდებელ ჰუმანიტარულ მხარდაჭერას სახვადასხვა დონორი ორგანიზაციისა თუ პარტნიორის თანადგომით. დაზარალებული მოსახლეობის ფსიქოსოციალური მხარდაჭერისთვის მოეწყო ფსიქოსოციალური დახმარების ცენტრი, სადაც პროფესიონალ ფსიქოლოგებთან ერთად ბენეფიციარებს ეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში, რაც მათ ეხმარება სტრესთან გამკლავებისათვის საჭირო სპეციალური უნარების განვითარებასა და სტრესის შემსუბუქებაში.
აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს წითელი ჯვრის თანამშრომლები, მოხალისეები და წყალდიდობით დაზარალებული ოჯახები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თეონა ნავდარაშვილს ნომერზე (+995) 555 53 95 59

















