გორის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და პოლონეთის რესპუბლიკის რაჩეხოვიცეს
მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტს ინჟინერთა ჯგუფი სტუმრობს.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, დელეგაციას მუნიციპალიტეტის წყალკანალიზაციის სამსახურის უფროსი პაველ შიდლოვსკი ხელმძღვანელობს.
პოლონელმა ინჟინრებმა დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებსა და დეპუტატებს გორის მუნიციპალიტეტის საკანალიზაციო სისტემისა და გამწმენდი ნაგებობების რეგულირების პირველადი კონცეფცია გააცნეს.
კონცეფცია, ვიზიტის ფარგლებში, გამგეობის თანამშრომლებთან ერთად შემუშავდა.
ინჟინრებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორია ადგილზე დაათვალიერეს და მის თავისებურებას გაეცვნენ.
დღევანდელ შეხვედრაზე პოლონელებმა საკანალიზაციო სისტემის სამი სავარაუდო ვერსია წარმოადგინეს. ინვესტიცია დაახლოებით 112 მლნ. ლარით განისაზღვრა, სადაც ადგილობრივი თანადაფინანსება 0,03%-ია, საინვესტიციო პერიოდი კი 2017-2020 წლები.

















