„გლობალ ტვ“-ს სატელიტური ანტენების დაყადაღების შემდეგ ტელეკომპანია „მე-9 არხი“ სიგნალის დაფარვის ზონის გაფართოებაზე ზრუნვას თავად იწყებს.
როგორც „ნიუსპრესს“ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა განუცხადა, მოსახლეობისთვის „მე-9 არხის“ სატელიტური ანტენების დამონტაჟებას თავითონ უზრუნვეყოფენ.
„ჩვენ გვაქვს სატელიტური მაუწყებლობის უფლება, შესაბამისად, სატელიტურ თეფშებს და მიმღებებს თავად დავუმონტაჟებთ მოქალაქეებს, ვისაც ამის სურვილი ექნება“ - განაცხადა ბექაურმა.
მისივე თქმით, ტელეკომპანიის მხიდან ეს სრულიად კანონიერი ქმედებაა.
როგორც ბექაურმა აღნიშნა, აღნიშნული გადაწყვეტილება არა მხოლოდ „გლობალ ტვ“-ს ანტენების დაყადაღებამ, არამედ მრავალმა სხვა ფაქტორმაც გამოიწვია.
„ჩვენ ყველა საკაბელო ტრანზიტორს მივმართეთ, რომ თავის პაკეტში ჩავესვით, თუმცა, ყველა საკაბელო ოპერატორმა უარი გვითხრა. ერთადერთი „გლობალ ტვ“ იყო, რომელმაც პაკეტში ჩაგვსვა“-განაცხადა მან.
ამასთან, ბექაურის თქმით, „მე-9 არხმა“ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სიხშირეების კონკურსზე გატანასთან დაკავშირებით, წერილით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. შესაბამისად, ტელეკომპანიას ერთი გზა დარჩა - მაუწყებლობის სიგნალის გავრცელებაზე თავად იზრუნოს.
გენერალური დირექტორის თქმით, „მე-9 არხი“ ანტენების დამონტაჟებას რამდენიმე დღეში დაიწყებს. ბექაური აცხადებს, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში სატელიტური თეფშების დღეს არსებული პარკი გაორმაგდება.
მისივე თქმით, ეს პროცესი განსაკუთრებით დიდ თანხებთან დაკავშირებული არ არის.

















