დევნილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო იპოთეკურ სესხს კიდევ 100 დევნილ ოჯახს დაუფარავს.
დევნილთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება იმ დევნილ ოჯახებზე გაიცემა, რომლებსაც 2017 წლის პირველ იანვრამდე საცხოვრებელი სახლი/ბინა იპოთეკური სესხით აქვთ შეძენილი და აღნიშნული ოჯახის ერთადერთ ფაქტიურ საცხოვრებელს წარმოადგენს.
იპოთეკური სესხის დაფარვისათვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არის არაუმეტეს 20 000 ლარი.
სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტში იპოთეკური სესხების დაფარვის პროექტისთვის 2 მილიონი ლარი გამოიყო.
დევნილი ოჯახების შერჩევა, რომლებსაც სამინისტრო იპოთეკურ სესხს დაუფარავს, მინისტრის N320-ე ბრძანების შესაბამისად, სოციალური კრიტერიუმებისა და დევნილი ოჯახების სულადობის გათვალისწინებით მოხდება.
უწყების ცნობითვე, წარმატებით იმუშავა „დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების დაფარვის“ საპილოტე პროექტმა, რომლის ფარგლებში სამინისტრომ სესხი 93 ოჯახს უკვე დაუფარა.
იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადები 2017 წლის 15 მარტამდე მიიღება.

















