შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბის MIA Force-ის წევრი დათა ქაჯაია TCR
International-ზე ახალი ავტომობილით იასპარეზებს.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართველი ავტომრბოლელი ჩემპიონატის 2017 წლის სეზონზე „ალფა რომეოს“ მარკის მანქანით გამოვა. სპორტსმენმა TCR ახლო აღმოსავლეთის ეტაპზე ახალი ავტომობილით უკვე იასპარეზა და ორივე რბოლა მე-2 ადგილზე დაასრულა.
ძარიანი ავტომობილებით რბოლის საერთაშორისო ჩემპიონატის - TCR international-ის 2017 წლის სეზონის გახსნა საქართველოში, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე 2 აპრილს გაიმართება.
ჩემპიონატის პირველ ეტაპში მონაწილეობას 15-ზე მეტი ქვეყნის 25-მდე წარმომადგენელი მიიღებს.
საერთაშორისო ჩემპიონატი TCR International მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ავტოდრომებზე მთელი წლის განმავლობაში იმართება.
ტურნირს რამდენიმე მილიონი გულშემატკივარი ჰყავს და წამყვან სპორტულ არხებზე გადაიცემა.

















