თბილისის მერი დავით ნარმანია, მისი მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და
კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი თბილისში ცაიშის ქუჩაზე მიმდინარე გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გაეცნენ.
ადგილზე ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე იმყოფებოდნენ.
როგორც მერიის გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული გზა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი ჩუღურეთს თბილისის ზღვასთან და მახათასთან აკავშირებს.
„რამდენიმე დღის წინ, ცაიშის ქუჩაზე საკმაოდ მასშტაბური გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები დავიწყეთ. ამ ეტაპზე მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება და დაზიანებული გზის საფარის მოხსნა მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც უშუალოდ ახალი საფარის დაგება დაიწყება. სულ აღნიშნულ ქუჩაზე 22 000 კვ.მ ასფალტის საფარი დაიგება“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
ცაიშის ქუჩაზე, საგზაო სამუშაოების ფარგლებში, ახალი, 600 მეტრიანი სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი მოხდება და ახალი ორფენიანი საფარი დაიგება, ახალი ბაზალტის ბორდიურებით კი ტროტუარები მოეწყობა. ჯამში, ცაიშის ქუჩაზე 22 000 კვ.მ ასფალტის საფარი დაიგება.
გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია შპს „ქროსფოინთი“ ახორციელებს.
სამუშაოები 16 თებერვალს დაიწყო და ივნისში დასრულდება.

















