ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „დებატების კლუბის“ მუშაობის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციის ფარგლებში კლუბის წევრებმა კარლ პოპერის სახელობის დებატების ფორმატით საქართველოში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, კერძოდ კი - მაწანწალა ძაღლების პრობლემის მოგვარებაზე იმსჯელეს.
თსუ-ს რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, სტუდენტების მონაწილეობა „დებატების კლუბში“ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სტუდენტებს დებატების კულტურა გამოუმუშავდებათ.
„დღეს გაიმართა კლუბის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელმაც ამ პროექტის წარმატებული შედეგი გვაჩვენა. ეს კი იმის საფუძველია, რომ პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება“- აღნიშნა კვიტაშვილმა.
„სტუდენტები საკმაოდ მოკლე დროში დაეუფლნენ დებატების სრულ ფორმატს. ისინი უკვე მზად არიან დებატების მსაჯები გახდნენ და კიდევ უფრო განივითარონ ეს უნარები“- განაცხადა საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა თინათინ ცერცვაძემ.
„დებატების კლუბი“ 2012 წლის თსუ-ს აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს.

















