საცხოვრებელი ფართების დაკანონების მოთხოვნით, დღეს პოლიტიკური პარტია „მომავალი საქართველოს“ ორგანიზებით უმაღლესი
საკანონმდებლო ორგანოს შენობათან ე.წ. „ატსტუპნიკების“ მორიგი აქცია გაიმართა.
როგორც „მომავალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ლაღიძემ „ნიუსპრესთან“ საუბარში განაცხადა, „ატსტუპნიკებმა“ მიაღწიეს იმას, რომ კანონში შევიდა ცვლილებები, გაუქმდა მათი გამოსახლების ვადა და ისინი 2012 წლიდან ქუჩაში არ დარჩნენ.
„ახლა აქციების მეორე ეტაპი იმართება და ის გულისხმობს მათთვის ბინების უპირობოდ დაკანონებას. ამ მოთხოვნით, პარლამენტში ორმოციათასი ხელმოწერა შევიტანეთ, თუმცა, საქმეს ხელოვნურად გვირთულებენ და ხელმოწერების თავიდან შეგროვებას გვთხოვენ“-განაცხადა ლაღიძემ.
როგორც მან აღნიშნა, აქციები „ატსტუპნიკების“ მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გაიმართება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ისინი ადმინისტრაციულ შენობებთან „სირცხვილის კორიდორების“ მოწყობას გეგმავენ.
ე.წ. „ატსტუპნიკები“ საცხოვრებელი ბინების დაკანონების მოთხოვნით, 7 თვეა საპროტესტო აქციებს პერმანენტულად მართავენ. მათ საბჭოთა ხელისუფლების დროს საცხოვრებელი ფართები ზეპირი შეთანხმების საფუძველზე შეიძინეს, თუმცა, ბინების დაკანონება ამ დრომდე არ მომხდარა.

















