საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სავარაუდო მოწამვლის
მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება გაავრცელა.
პრემიერის განცხადებით, მან ბერლინში პირადი დაცვის წევრები გაგზავნა, რათა ადგილზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებული ყოფილიყო.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, ყველამ უდიდესი უბედურება ავიცილეთ თავიდან. აღკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული - ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა.
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ იმუშავეს ოპერატიულად, ეფექტურად, ზედმეტი ხმაურის გარეშე და მათ თავიდან აგვაცილეს ეს დიდი უბედურება.
პირველივე წუთებიდან, როგორც კი სამართალდამცავებმა მომაწოდეს ინფორმაცია, ეს საქმე, ბუნებრივია, აყვანილი მაქვს პირად კონტროლზე და პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში ვიღებ ინფორმაციას.
გამომდინარე შექმნილი არაორდინარული ვითარებიდან, ბერლინში გავაგზავნე ჩემი პირადი დაცვის წევრები, დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან ერთად, რათა ადგილზე გაძლიერებული ყოფილიყო უსაფრთხოების ზომები.
ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიების პროფესიონალურად წარმართვა და ბოლომდე მიყვანა.
მთავარია, რომ ექიმების განცხადებით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. მთელი გულით ვუსურვებ მას მალეგამოჯანმრთელებას, დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ხალხისა და ქვეყნისსაკეთილდღეოდ. ვაპირებ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამდე, დაგეგმილზე ადრე გავემგზავრო გერმანიაში და პირადად ბერლინში მოვინახულო მისი უწმინდესობა“- განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქის სავარაუდო მოწამვლის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა, რაშიც ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. ამასთან დაკავშირებით დღეს პროკურატურამ ბრიფინგი გამართა. რაც შეეხება პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მას დღეს ბერლინში ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც წარმატებით დასრულდა და ახლა, ილია მეორე თავს კარგად გრძნობს.

















