ჩუღურეთის რაიონში ჩუბინაშვილის ქუჩის კეთილმოწყობა დაიწყო. საგზაო სამუშაოების
ფარგლებში, მოიხსნა გზის დაზიანებული საფარი და ახალი ბორდიურების მოწყობაა დაგეგმილი.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასევე, გზის სავალი ნაწილი მოიფრეზება და ასფალტის ახალი საფარი დაიგება.
სამუშაოები დღეს, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მოადგილესთან გიგა ნიკოლეიშვილთან, ჩუღურეთის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან და თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დაათვალიერა.
საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელსაც ჩუღურეთის გამგეობა 7000 კვ.მ-ზე განახორციელებს, აპრილში დასრულდება.
„ჩუღურეთის რაიონში სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად დავიწყეთ, კეთდება გზები, ტროტუარები, წესრიგდება ინფრასტრუქტურა. სხვა გამგეობებშიც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. მოსახლეობას ვხვდებით, მათთან ერთად ვიხილავთ საკითხებს, რომელიც მათ აწუხებთ, ასევე, დაგეგმილი პროექტების შესახებ ვაცნობთ ინფორმაციას და მათთან მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ “- განაცხადა დავით ნარმანიამ.
უწყების ცნობითვე, ჩუბინაშვილის ქუჩის გარდა, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქვალონისა და ლებარდეს ქუჩებზეც მიმდინარეობს.
2017 წლისთვის, ჩუღურეთის რაიონში, 35 ქუჩისა და 70 შიდა ეზოს მოასფალტებაა დაგეგმილი.

















