განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო პროგრამის "სამაგისტრო პროგრამები
საფრანგეთში 2017-2018" პრეზენტაცია შედგა. საკონკურსო მოთხოვნები და პირობები საზოგადოებას განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა - ნინო ჭელიძემ, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში - ბატონმა პასკალ მენიემ და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა - ჟან-ივ ლავუარმა გააცნეს.
სასტიპენდიო პროგრამა "სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018" წარმოადგენს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საფრანგეთის მთავრობის ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამას.
განათლების საერთაშორისო ცენტრს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და კამპუსს ფრანსს შორის 2015 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ პროგრამის საფუძველია.
განათლების საერთაშორისო ცენტრი, საფრანგეთის საელჩო საქართველოში და კამპუსს ფრანსი ერთობლივად დააფინანსებენ პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ კონკურსანტებს. სწავლის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და მოღვაწეობას განაგრძობენ სპეციალობის შესაბამის სფეროში 3 წლის ვადით. ასევე, ცენტრის მიერ შეთავაზების შემთხვევაში საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ითანამშრომლებენ.
2017- 2018 სასწავლო წელს პროგრამის განხორციელების შედეგად საქართველოს 15-მდე მოქალაქე შეძლებს საფრანგეთში, როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულებით მაგისტრის ხარისხის მოპოვებას და მიღებული ცოდნის საქართველოში რეალიზებას.
აღნიშნული პროგრამა პირველად 2016 წელს ამოქმედდა. საქართველოს 16 მოქალაქე უკვე სწავლობს საფრანგეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში - (ბურგუნდიის უნივერსიტეტი, სიანს პო, პარიზის დიდროს უნივერსიტეტი, სორბონის უნივერსიტეტი, სტრასბურგის უნივერსიტეტი და ა.შ).
სასტიპენდიო კონკურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები უკვე გაიმართა რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებთან.

















