ნაძალადევის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები თბილისის მერის
მოადგილემ, გიგა ნიკოლეიშვილმა, რაიონის გამგებელ ირაკლი ხელაძესთან ერთად დაათვალიერა. გიგა ნიკოლეიშვილი და ირაკლი ხელაძე ზვარეთის ქუჩაზე გზის დამჭერი საყრდენი კედლის მშენებლობის პროცესს გაეცნენ.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზვარეთის N36ა-ში 17 მ სიგრძის კედელი შენდება. პროექტის საკონტრაქტო ღირებულება 74 332 ლარია. კედლის მშენებლობა მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის.
უწყების ცნობითვე, 2017 წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობა ზვარეთის ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციასაც გეგმავს.
უწყების ცნობით, თბილისის მერის მოადგილემ დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა და პროექტის დეტალებს გაეცნო. ქუჩის ერთ მონაკვეთზე ნაძალადევის რაიონის გამგეობის საგზაო კონტრაქტორი მუშაობს, პარალელურად, ქუჩის მეორე ნაწილზე მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აგრძელებს.
გიგა ნიკოლეიშვილმა ღრმაღელის მეტროსადგურთან არსებული რეაბილიტირებული სკვერიც დაათვალიერა. გამგეობის დაკვეთით, სკვერში ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა და ახლო მომავალში გამწვანების სამუშაოები დაიწყება.

















