ჭიათურის მუნიციპალიტეტში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი,
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - კაცხის მონასტრის - სარესტავრაციო–საკონსერვაციო სამუშაოებს აწარმოებს. ამასთან, სამიშაოების ფარგლებში მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის ზონები მოეწყობა.
სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ფონდის აღმასრულებელი დირექტორთან გალაქტიონ ბუაძესთან და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან ერთად გაეცნო.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, რეაბილიტაცია, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. მისი ღირებულება მილიონ ლარს აჭარბებს.
კაცხის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ითვალისწინებს: მონასტრის გარე ფასადსა და ინტერიერში დაზიანებული ადგილების აღდგენასა და საჭიროების შემთხვევაში დაკონსერვებას.
ძეგლის საკონსერვაციო სამუშაოების პარალელურად, სოფელ კაცხში, სამონასტრო კომპლექსის წინ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტურისტული ცენტრი შენდება, რომელიც გამართული საქმიანობისთვის საჭირო ავეჯით სრულად აღიჭურვება. პროექტი ღია ტერასის მოწყობას, წყაროს აღდგენა-მოპირკეთებას, ეკლესიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას, გარე წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების მონტაჟსა და ფერდზე, ტურისტებისთვის გადასახედი, ღია აივნის მოწყობას ითვალისწინებს. ასევე გამოყოფილია ადგილი ავტოსადგომისთვის. პროექტის დასრულება მიმდინარე წლის აპრილში იგეგმება.
როგორც უწყებაში განმარტავენ, მისი დასრულების შემდეგ, სამონასტრო კომპლექსთან გაუმჯობესდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც მეტ ტურისტს მოიზიდავს. შესაბამისად, ეს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.

















